მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთი: როგორ ჩაიარა ენტონი ბლინკენის ვიზიტმა პეკინში?

6491c4ede9857
გიორგი თოლორდავა
20.06.23 23:20
1075
დედამიწაზე ყველაზე დიდი მნიშვნელობა ორი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის ურთიერთობას აქვს. გლობალურ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა თუ კლიმატზე არაფერს შეუძლია იმხელა გავლენის მოხდენა, რამხელაც ამ ტიტანების თანამშრომლობასა თუ დაპირისპირებას ძალუძს. ვაშინგტონის და პეკის კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის, რადგან ამ გეოპოლიტიკური ძალების სამხედრო არსენალს ნახევარი მზის სისტემის მოსპობა შეუძლია, შესაბამისად, ყოველი დღე, რომელიც ვაშინგტონისა და პეკინის უკონტაქტობით სრულდება, არმაგედონის საათს ერთი წამით აჩქარებს.

ბოლო ათი წელია, რაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უარესდება, ამ პროცესს კი ბოლო ჯერაც არ უჩანს. გასული ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ერთხელაც კი არ ჩასულა, რაც დიპლომატურ კრიზისად შეიძლება ჩაითვალოს. მიმდინარე კვირას ენტონი ბლინკენმა ეს არასახარბიელო მოცემულობა დაასრულა და ამერიკის სახელმწიფო მდივანი დედაქალაქ პეკინს ეწვია.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. თუკი ოფიციალურ ვაშინგტონს დავუჯერებთ, ბლინკენმა სტრატეგიულ მიზანს მოაღწია და აზიურმა ვოიაჟმაც წარმატებით ჩაიარა.

სანამ ბლინკენის მონაპოვარზე ვისაუბრებდეთ, გეოპოლიტიკური კონტექსტიც უნდა გავიხსენოთ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული სავაჭრო ომიდან მოყოლებული, პეკინი და ვაშინგტონი ერთმანეთს ახალ სანქციებს თითქმის ყოველ თვე უწესებენ. ჩინეთიდან პანდემიის დაწყებამ კი დასავლეთსა და ჩინეთს შორის კედელი კიდევ უფრო მაღლა აღმართა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირდებით პეკინის ფსევდო „ნეიტრალიტეტი“ გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს კი უფრო მეტად ამწვავებს. სათვალთვალო საჰაერო ბუშტის სკანდალმა კი მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა ახალ მწვერვალზე აიყვანა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ტაივანში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი იყო, რის შემდეგაც ამერიკულ და ჩინურ სამხედრო ძალებს შორის სტრატეგიული კომუნიკაცია შეწყდა, ამან კი არმაგედონის საათი არა რამდენიმე წამით, არამედ მთელი წუთით დააჩქარა.

მიმდინარე კვირას ენტონი ბლინკენი ფრიად საპასუხისმგებლო დავალების წინაშე იდგა, მას ჩაშლის პირას მყოფი ურთიერთობა უნდა გამოესწორებინა და პეკინსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა აღედგინა. რამდენად გაართვა თავი 61 წლის დიპლომატმა ამ ამოცანას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა ახლა შეგვიძლია იმ შედეგებს გავეცნოთ, რომლებიც მხარეებმა საჯაროდ გააჟღერეს.

ბლინკენის აზიურ ვოიაჟში ყველაზე პროდუქტიული ჩინეთის ამჟამინდელ და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა იყო. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დიპლომატებმა ჯამში რვა საათის განმავლობაში ისაუბრეს. ზუსტად რა ითქვა მათ შორის, ამას არავინ გვეტყვის, თუმცა თუკი თავად ბლინკენს დავუჯერებთ, მხარეებს შორის კომუნიკაცია აღდგა და სწორედ ეს პეკინში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

განსახილველ საკითხებს შორის იყო, რა თქმა უნდა, ტაივანიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა ტაივანის დათმობას არ აპირებს და საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.

აქტუალურ საკითხებს შორის იყო რუსეთ-უკრაინის ომიც. მოგეხსენებათ, ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა და სი ძინპინმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პოლიტიკური მხარდაჭერაც გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური პეკინი პირობას დებს, რომ ჩინეთის მთავრობა რუსეთს ლეტალურ იარაღს და სამხედრო ტექნიკას არ მიაწვდის, რაც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთის გამარჯვებად.

ბლინკენის აზიური ვოიაჟის კულმინაცია თავად ქვეყნის მმართველთან, სი ძინპინთან შეხვედრა იყო. ლიდერებს შორის საუბარი 30 წუთს გაგრძელდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე პრაქტიკული. საუბრის შემდეგ, ძინპინიცა და ბლინკენიც კმაყოფილები დარჩნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა.

თეთრი სახლი ბლინკენის მისიას პოზიტიურად აფასებს. მხარეებს შორის სტრატეგიული კომუნიკაცია აღდგა, ეს კი ამ ეტაპზე დიდ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გავლენიანი ამერიკელების ვიზიტი ჩინეთში განსაკუთრებით გახშირდა. Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი და JPMorgan-ის დირექტორი ჯეიმი დაიმონი - ეს იმ პირების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც წელს ჩინეთში გამართეს შეხვედრები. ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობების გამოსწორება მთელი მსოფლიოსათვის სასარგებლოა, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, რომელიც ამ ორ ტიტანს შორის მოქცეული პატარა სახელმწიფოა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები