მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ინდური შტამი? - გამყრელიძის პასუხი

60911404848b3
ინგა მურუსიძე
04.05.21 13:33
1022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს არა აქვს ინფორმაცია, დაფიქსირდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში.

საქმე ის არის, რომ საქართველოში ინდური შტამის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ლადო კახაძემ გაავრცელა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, შესაძლოა, ლადო კახაძეს სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. ინდური შტამი არ დასტურდება.

„ამ წუთისთვის ლუგარიდან დადასტურებული შემთხვევა ინდური შტამის არ მაქვს. ლადო კახაძეს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც მე არ მაქვს. ქვეყანაში დღეს მუშაობს 50-მდე ლაბორატორია, რომლებიც შეიძლება აკეთებდნენ შტამების დიფერენცირებას. ლუგარის ცენტრის მაგალითზე არის საშუალება გენეტიკური კვლევების და ჩვენთან ამ ეტაპამდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ინდური შტამი იყოს, არის.

ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შექმნით, რადგან ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამიც, ის ე.წ. ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, არის უმცირესობაში. შტამები რაღაცა დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო ბუას ნუ შევქმნით, რადგან ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ მუტირებულ შტამებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.