მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაინფიცირების შემთხვევაში, ექიმები და ექთნები 10,000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებენ

5e81a65de644b
ნინი ლონგურაშვილი
30.03.20 11:56
1364
"თიბისი დაზღვევა” COVID19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის 300, 000 ლარს გამოყოფს.

კერძოდ, ყველა ექიმი და ექთანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10,000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.

როგორც ცნობილია, თიბისი დაზღვევის სპეციალური ფონდი პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და იმ ექიმების და ექთნებისთვისაა განკუთვნილი, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ მკურნალობენ COVID-19-ით ინფიცირებულებს და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც საფრთხის წინაშე დგანან.

პროგრამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ ისაუბრა.

„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ექიმები - საკუთარი საქმის პროფესიონალი და გაბედული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება - მათი როლი და ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას - #თიბისიშენთვის. პირველ ეტაპზე 300,000 ლარს გამოვყოფთ, თუმცა ჩვენი ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ვაცნობიერებთ, რომ ექიმების დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომავალშიც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - ამბობს პაატა ღაძაძე.

როგორც მან გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, „მსოფლიოში ინფიცირებულების დაახლოებით, 5%-დან 10%-მდე ფრონტის ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალია“.

“თიბისი დაზღვევის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კოორდინაცია ხდება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე - დაავადებათა კონტროლის ცენტრთან.

“ყველა შესაბამის უწყებასთან გვაქვს კოორდინაცია. პირდაპირი ინფორმაციის გაცვლით მოხდება რეაგირება. ახლა დეტალების ჩაღრმავების დრო არ არის, თუ დაფიქსირდება შემთხვევა, მივიღებთ ინფორმაციას და მყისიერად მოხდება თანხების გაცემა.სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის ფარგლებში, კიდევ დამატებით პროექტებს ვამუშავებთ და როგორც კი დავასრულებთ, ასევე მივაწვდით ჯანდაცვის სამინისტროს“, - აღნიშნა პაატა ღაძაძემ.