ქართველი სტუდენტების ჯგუფი გერმანიაში ე.წ. საზაფხულო არდადეგებზე 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის ავიარეისების დანიშნვას ითხოვს. ახალგაზრდების პრობლემა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა. საქმე იმაშია, რომ სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას წერილობითაც მიმართეს. ადრესატებს შორისაა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ლევან კობერიძეც.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან კაკულიას სთხოვა, სტუდენტების საკითხი ეკონომიკის მინისტრთანაც დააყენოს.
„სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ კონტრაქტი გერმანელ დამსაქმებლებთან და ზაფხულის განმავლობაში თავიანთი შრომით ცდილობენ მოაგროვონ გარკვეული თანხა, ქვეყანაშიც შემოიტანონ და სწავლის საფასური გადაიხადონ, წერილობით მოგვმართეს - მათი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს გერმანიის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული ფრენები ადექვატურ ფასად.
იქნებ მისცეს მთავრობამ ეს შესაძლებლობა და ოპერატიულად განიხილოთ ეს საკითხი. ეს წერილი გაგზავნილია ნათია თურნავასთან და იმედია, მთავრობა ყურად იღებს სტუდენტების თხოვნას და ოპერატიულად მიიღებს ზომებს - ეს სტუდენტები დახმარებას არ ითხოვენ, ითხოვენ ხელი შეუწყონ რომ თავისი შრომით შეძლონ შემოსავალი მიიღონ და ეს მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა" - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე.