მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პოტენციალი აქვს, ფინტექში რეგიონული ლიდერი გახდეს - სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

სინგაპური

საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექის) მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების მაღალი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ჩია დერ ჯიუნმა.

მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განვიხილავთ“, - აღნიშნა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა.

„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა ჩია დერ ჯიუნმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. სინგაპურულმა მხარემ დოკუმენტის განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები