მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მემორანდუმები, სინგაპურის სასტიპენდიო პროგრამა და Bank of China-სთან პარტნიორობა – სები „ფინანსურ სამიტს“ აჯამებს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

27-28 ოქტომბერს თბილისმა რიგით მეორე საერთაშორისო „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 1 000-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. მასში მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკების, საინვესტიციო და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები.

ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების ტენდენციები, ტრანსსასაზღვრო გადახდები, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისი შეფასებით, სამიტში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

სების ინფორმაციით „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და მემორანდუმი გაფორმდა:

  • სინგაპურის სასტიპენდიო პროგრამა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და GFTN-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
  • პარტნიორობა Bank of China-სთან: სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბანკი ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს. ეს სებ-ს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის გაფართოების საშუალებას მისცემს.
  • ღონისძიება Global Use of RMB: Bank of China-ს, სებ-ისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარებული შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა იყო.
  • AIFC Connect: Tbilisi 2026: ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, სებ-ის, GFTN-ისა და ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით გამართული შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებასა და კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებას ისახავდა მიზნად.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღე, სადაც გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს ფულად პრიზებთან ერთად დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე დასწრების საგზურები მოიპოვეს.

ორგანიზატორების თქმით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები