მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი კომიტეტი „კარფურთან“ შეხვედრას გეგმავს - თემა ბრენდის წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლების სარჩელია

607ecf46ac869
ელენე გოგბერაშვილი
21.04.21 09:45
1249
როგორც ცნობილია, ქართულმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა ჰიპერმარკეტების ქსელ "კარფურის" წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. დავის საგანი საერთაშორისო ბრენდის მხრიდან მიმწოდებელი კომპანიებისთვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკისრებული საკმაოდ სოლიდური თანხებია. ამ დროისთვის სასამართლოში უკვე  8 კომპანიის სარჩელია შესული.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, იმის გარდა, რომ "კარფური" კომპანიებს ქსელში დაშვებისთვის დიდი მოცულობის თანხებს ახდევინებს, ადგილი აქვს ე.წ. ქეშბექის სახით მარკეტინგული გადასახადის დაკისრებასაც და თანხების ჩამოჭრას ისე, რომ ამას მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.

როგორც კერძო სექტორში ამბობენ, პრობლემაა მათ შორის ორენოვანი ხელშეკრულებაც, რომლის შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაც "კარფური" თავის სასარგებლოდ იყენებს.

არსებული პრობლემების მოგვარების გადაწყვეტას ბიზნესი რიტეილერებსა და მომწოდებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაში ხედავს.

აღსანიშნავია, რომ საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერესების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების რეკომენდაცია გაიცა მათ შორის კონკურენციის სააგენტოს მხრიდანაც, რომელმაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მიმართვის შემდეგ სექტორული მონიტორინგის დროს კონკურენციის კანონის დარღვევა ვერ დაადგინა, თუმცა სამართლიანი ვაჭრობის კანონმდებლობის არსებობის საჭიროება დაინახა.

დარეგულირდება თუ არა რიტეილერებსა და მიმწოდებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობები საკანონმდებლო დონეზე, ჯერ უცნობია. მსგავსი პაკეტი წინა მოწვევის პარლამენტმა მოამზადა, თუმცა მას კანონის სახე არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ "კარფურის" მხრიდან ქართველ მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებთან დამოკიდებულების შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ გასულ თვეში საქმის კურსში ჩააყენა დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. როგორც bm.ge-სთან კომიტეტის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ამბობს,  "კარფურის" წარმომადგენლებსაც აუცილებლად შეხვდებიან.

„დიახ, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას შევხვდით, ეს პრობლემა ვიცით და აუცილებლად შევხვდებით მეორე მხარესაც. უნდა ვიყოთ ფრთხილად, პირველ რიგში, ასეთ პროცესში ჩართვისგან იმიტომ, რომ არ უნდა მოხდეს ბიზნესურთიერთობებში შესვლა. იქ, სადაც ვნახავთ, რომ ჩვენი კომიტეტის ჩართულობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია იმისთვის, რომ პროცესი დარეგულირდეს და ჯანსაღ ბიზნესგარემოში წარიმართოს, აუცილებლად ხელს შევუწყობთ შესაბამისი გარემოს შექმნას“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

სამწუხაროდ, კერძო სექტორის ბრალდებებს "კარფური" არ პასუხობს. Bm.ge-მ რამდენჯერმე შესთავაზა საერთაშორისო ბრენდის ქართულ წარმომადგენლობას ჩვენი პლატფორმა, თუმცა ამ ეტაპზე მათი სტრატეგიაა, კომპანიების ბრალდებებს არ უპასუხონ.

"კარფური" ამ დრომდე არც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის იმ შეთავაზებას გამოხმაურებია, სადაც ასოციაცია მზაობას გამოთქვამს, "კარფურის" თანხმობის შემთხვევაში რიგ კომპანიებზე მის მიერ მოთხოვნილი თანხები, პროცენტები, კონტრაქტში არსებული პირობები გაასაჯაროოს, რაც, მათი თქმით, საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ნათლად დაინახოს, თუ რა გავლენას ახდენს დაწესებული გადასახადები და გაჩერებული თანხები პროდუქტების ღირებულებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები