მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარფურის" მიერ ადგილობრივ მეწარმეებთან დადებული კაბალური გარიგებები უნდა დარეგულირდეს" - ჭყონია

6062e479b05ad
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 12:50
2026
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონიას განცხადებით, მსხვილ სუპერმარკეტებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობები არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ძალიან აზარალებს.

Bm.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ივა ჭყონიას განმარტებით, ისინი მსხვილ სუპერმარკეტებთან ურთიერთობის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა, ქსელში შესვლის გადასახადი გაუქმება, ხოლო მეორე - მიღება-ჩაბარების და დადასტურებული ანგარიშფაქტურების გარეშე თანხის ჩამოჭრის მიუღებელი პრაქტიკაა.

„კუთვნილ თანხებს დროულად არ გვირიცხავენ. შემდეგ გვიხსნიან, რომ გარკვეული გადასახადია გადასახდელი, რის ანგარიშფაქტურასაც აგზავნიან. ამ კომუნიკაციას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რაც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. წარმოიდგინეთ, როდესაც კომპანიას საბრუნავი კაპიტალი არ აქვს და შემოსავალს სწორედ ჰიპერმარკეტში შეტანილი პროდუქციიდან ელოდება და ამ თანხას დროულად ვერ იღებს, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ამასთან, რაღაც კუთხით კანონით უნდა დარეგულირდეს, რომ არავის ჰქონდეს უფლება მიღება-ჩაბარების აქტის და დადასტურების ანგარიშფაქტურის გარეშე მოხდეს თანხების ჩამოჭრა.

ეს ძალაუფლება ერთ - რიტეილის მხარეს რომაა, ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებით მავნედ ამას "კარფური" იყენებს. ეს არაერთ კომპანიასთან გამოუყენებია. რაღაც პერიოდის შემდეგ რიგი კომპანიები გარკვეულან მდგომარეობაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც რაღაც ვალდებულებები გაქვთ გასტუმრებული და ამის გამო მიდიხართ საბოლოოდ ბანკთან რესურსების მოსაძიებლად. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც კომპანიებისთვის პროდუქტზე იძულებით ფასების მატებას იწვევს, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე მოქმედებს“, - აცხადებს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი თანხების დაგვიანების კონრეტულ მიზეზებს ვერ ასასხელებს და ამბობს, რომ „კარფური“ თანამშრომლობის პროცესში საკმაოდ ჩაკეტილი კომპანიაა.

"არაკოლეგიალურები, საკმაოდ ხისტები არიან, ქედმაღლურად გიყურებენ და საერთოდ არ შემოდიან კომუნიკაციაში. ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ მსოფლიო ბრენდებთან. მათ საერთაშორისო ბაზარზე პირდაპირი კომუნიკაცია არ უჭირთ და რიგ შემთხვევაში, უბრალოდ აიძულებენ, რომ კაბალური პირობებით შევიდნენ, რაც არასწორია, რადგან ადგილობრივი ქართველი რიტეილერებისთვის ძალიან ცუდია.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არ დაზიანდნენ ადგილობრივი მწარმოებლები, რომელთა შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია. "კარფური" ბაზარზე იმდენად სწრაფად მზარდია, რომ სახიფათო ხდება. თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრალოდ მომაკვდინებელი იქნება და ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ“, - განმარტავს ივა ჭყონია.

ამასთან, ის "კაბალურ პირობებს" დეტალურად განმარტავს: „კაბალურ პირობაში ვგულისხმობ ქსელში კომპანიის პროდუქციის შესვლის გადასახადის გადახდას. პირობითად კონტრაქტში თუ გიწერია, რომ თითოეულ გახსნილ მაღაზიაზე თანხა უნდა გადაიხადო და შენ ამ მაღაზიაში შეხვალ თუ არ შეხვალ, მოგწონს თუ არ მოგწონს მისი ლოკაცია, იძულებული ხარ გადაიხადო ეს გადასახადი. ამასთან, რიგ შემთხვევაში ეს ასი ათასობით ლარია, როდესაც საუბარია ე.წ. ქეშ-ბექზე - მარკეტინგულ გადასახადზე, რომელიც 5% იყო, შეიძლება 1 წელში ის გაგიზარდოს 10%-მდე და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასი ათასობით ლარი, რაც ქსელში დაშვების საფასურია, უბრალოდ, გეკარგება და სწორედ პირად საუბარში მიდის მსჯელობა. კომპანიას ეუბნებიან, რომ ეს თანხა დაეკარგებათ თუ არ დათანხმდებიან და ხვალ, როდესაც განაახლებენ მოლაპარაკებას ყველა მაღაზიასთან, თავიდან მოუწვეთ გადასახადის გადახდა, რიგ შემთხვევაში მეტის გადახდა. ქსელში შესვლის საფასური მავნე პრაქტიკაა და ამაზე უახლოეს მომავალში პარლამენტში ვიმსჯელებთ“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

ის აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტზე ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები