მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს მინიმუმ 150 ტონა უკურკო და ყვითელგულა საზამთროს მოსავალი გვექნება" - "GDB აგროს" გეგმები

ივა ჭყონია

თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეურნეობა "GDB აგრო" მიმდინარე წელს 150 ტონა საზამთროს მოსავალს ელოდება.

კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო და მაშინ, პირველი სატესტო მოსავალი 3 ტონა იყო, მოთხოვნის შესაბამისად კი მეურნეობამ მოცულობა ეტაპობრივად გაზარდა.

როგორც “GDB აგროს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე bm.ge-სთან განმარტავს, მეურნეობა ძირითადად პორციული ზომის, უკურკო ჯიშების წარმოებით არის დაკავებული. ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა კი ყვითელგულა საზამთროა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს.

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჯიშის საზამთრო, ძირითადად ვაწარმოებთ უკურკო ჯიშებს, თუმცა მას სჭირდება კურკიანი დამამტვერიანებელი აუცილებლად. გვაქვს აგრეთვე ყვითელგულა საზამთროები.

მოსავალი დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ და მაშინ სატესტოდ, 3 ტონა მოსავალი გვქონდა. დღეს, მაგალითად, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტს დღეში 5 ტონა სჭირდება სარეალიზაციოდ. წელს მინიმუმ 150 ტონა მოსავალი გვექნება” - აღნიშნავს ივა ჭყონია.

"GDB აგროს" მეურნეობა ლაგოდეხში მდებარეობს და ჯამში დაახლოებით 15 ჰექტარ მიწას აერთიანებს. კომპანიის ძირითადი პროდუქტი სალათის ფურცელია, რომელსაც წლის განმავლობაში აწარმოებს.როგორც მეურნეობაში განმარტავენ, ძირითადი აქცენტი ხარისხზე კეთდება, კომპანიის ინფრასტრუქტურა, იქნება ეს ბაღები, სასათბურე მეურნეობა, სასაწყობე სივრცე, სარწყავი სისტემა თუ სხვა - სრულად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს და სტანდარტებს.

“ჩვენ ვიცავთ ხარისხს ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომელიც ბაზარზე არსებობს. აღებული გვაქვს ყველაზე მაღალი ხარისხის მსოფლიო სერტიფიკატები. როგორიცაა Global GAP და GRASP. თავისთავად გვაქვს HACCP-იც. 15 ჰექტარი მიწის მოცულობა დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოების საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა ჩვენი მიზანი მცირე, მაგრამ პრემიუმ ხარისხის მოსავლის მიღებაა. სასათბურე მეურნეობამ, რომელიც 1 ჰექტარზეა მოწყობილი, პროცესი გაგვიხანგრძლივა და მოგვცა საშუალება, სალათის ფურცლების წარმოებასთან ერთად ნაადრევი საზამთროც მოვიყვანოთ, ხოლო სრულიად რეაბილიტირებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა მაცივრებით და საფილტრაციო სისტემებით გვეხმარება პროდუქციის უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი რასაც ვაკეთებთ – მოსავალს როგორც კი ვიღებთ, ნიმუშებს ვაგზავნით ჩვენს პარტნიორ კომპანია “მულტიტესტში”. დასაშვები ნორმა ნიტრატების საზამთროს შემთხვევაში 60-ია, ჩვენ გვაქვს 5-ის ქვევით. ანუ, არც თუ ისე შორს არის ბიოპროდუქციისგან” - ამბობს “GDB აგროს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

წარმოების განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, მეურნეობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების სიმცირე რჩება. სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიონალი აგრონომებისა და სპეციალიზებული მუშახელის სერიოზული დეფიციტია, რაც ყოველდღიურ საწარმოო პროცესებს მნიშვნელოვნად ართულებს და ანელებს.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, „GDB აგრო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს მხრიდან სფეროში ინვესტირებასა და ახალი თაობის სპეციალისტების მომზადების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, ტექნოლოგიურ პროგრესთან ფეხის აწყობის გარეშე, ადგილობრივი ნაწარმი უცხოურ, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ "GDB აგრო" მუდმივად - 8, სეზონურად კი 30-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“საქართველოში გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების... აგრონომები ფაქტობრივად არ არსებობენ და ძალიან რთული პროცესია მცოდნე აგრონომის გარეშე მეურნეობის მართვა. საკმაოდ ნელა გავდივართ ამ პროცესს. ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი ალბათ სახელმწიფოსი და განათლების სამინისტროსი რაც არის – ძირითადი ინვესტირება გაუშვან კადრებში, რომ გაზარდონ რეალურად სპეციალისტები.

ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ თუ 1 ჰექტარზე შესაძლებელი იყო 5 ტონა პროდუქტი მოგეყვანა, დღეს 15-20 ტონაა შესაძლებელი. ამ რეალობას თუ ფეხი არ ავუწყვეთ, კონკურენტუნარიანები ვერ გავხდებით ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც ირანია და ძირითადად ისევ იმპორტირებულ პროდუქტებზე ვიქნებით დამოკიდებული.“ - აცხადებს ის.

"GDB აგროს" პორციული ზომის, უკურკო თუ ყვითელგულა საზამთრო არაერთ სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი პარტნიორი წელს სუპერმარკეტების ქსელი „სპარია“, სადაც მომხმარებელს მათი ბრენდირებული პროდუქციის ნახვა შეუძლია. გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საზამთრო იყიდება ისეთ დიდ ჰიპერმარკეტებში, როგორებიცაა „გუდვილი“, „აგროჰაბი“ და „ფრესკო“.

მიღწეული შედეგების მიუხედავად, კომპანია გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. გასულ პერიოდში მეურნეობამ დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე ალუჩის ბაღი გააშენა. მართალია, საწყის ეტაპზე ნარგავებმა კლიმატური პირობების გამო გარკვეული სტრესი მიიღო, თუმცა კომპანიაში უახლოეს მომავალში უკვე პირველ მოსავალს ელოდებიან. შესაბამისად, მალე ქართულ ბაზარზე მომხმარებელი „GDB აგრო“-ს ბრენდის ქვეშ წარმოებულ, სპეციალურად შეფუთულ ალუჩასაც იხილავს, რომელიც სარეალიზაციო ქსელებში კომპანიის ბრენდირებული შეფუთვით გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები