მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული დიზელი და აგრომხარდაჭერის შეცვლილი პოლიტიკა ფერმერების ხარჯებს ზრდის | რა სჭირდება დარგს?

რატი კოჭლამაზაშვილი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, დღეს გლობალურ ბაზარზე არსებული საწვავის კრიზისი და ქვეყნის შიგნით სახელმწიფოს სოფლის მხარდაჭერის გაუარესებული პოლიტიკა, აგროსექტორზე უარყოფით გავლენას ახდენს და დარგის წარმომადგენლის ხარჯებს ზრდის. ამის შესახებ რატი კოჭლამაზაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

ის აცხადებს, რომ სახელმწიფოს გლობალური კრიზისები პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის პოლიტიკა მოქნილი უნდა იყოს, რათა დარგში წარმოების გაზრდილი ხარჯები, შემდეგ მოსახლეობის დანახარჯებზე არ აისახოს.

„პირველი ივლისიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა შეიცვალა. ახალმა პროგრამამ გაართულა ზოგადად სახელმწიფო მხარდაჭერაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ის პირობები აღარ არის რაც აქამდე იყო. იგივე თუნდაც საშემოდგომო კულტურებზე თუ საბრუნავი საშუალებებისთვის აგროკრედიტი აქამდე თუ შედარებით უფრო იაფი უჯდებოდა ფერმერს და სახელმწიფო 11%-ს აფინანსებდა, ახლა 9%-ზეა ჩამოსული. გაზრდილი რისკების ფონზე ბანკებსაც ზედაზღვარი გაეზარდათ და იაფი აგროსესხი ამ მიმართულებით საკმაოდ გაძვირებულია. ანუ სახელმწიფოს პოლიტიკა შეიცვალა და ამ კრიზისულ პერიოდში სხვა მხარდამჭერი პროგრამები ჯერჯერობით არ ჩანს.

ეს გლობალური კრიზისი, რამაც დიზელი გააძვირა, შემდგომ შიდა აგრარული პოლიტიკის საკითხები მათ შორის იგივე ამ პროგრამის განახლება და თუნდაც იგივე სარწყავ წყალზე ფასის და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა - საბოლოო ჯამში ფერმერებს წარმოების ხარჯებს უძვირებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე ვთქვათ გლობალური შოკის ნაწილი ვართ, ვფიქრობ, სახელმწიფო შიდა პოლიტიკურ ნაწილში უფრო მოქნილი უნდა იყოს, რომ იგივე დიზელის მიმართულებით გარკვეული წამახალისებელი მექანიზმების დაწესდეს, რაც მსოფლიოშიც მიღებულია - ეს იქნება აქციზის მიმართულება თუ სხვა“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ გასული წლის შემოდგომაზე თუ დიზელის ფასი 3 ლარი ღირდა, წელს გაზაფხულის შემდეგ აგროსამუშაოებისთვის საჭირო საწვავის ღირებულება 5 ლარამდეა გაზრდილი. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ფერმერები გაზრდილ ხარჯებს მოყვანილი პროდუქტის ღირებულებაზე ასახავენ და საბოლოოდ მომხმარებელს პროდუქტი გაუძვირდება.

„დღეს დიზელის ფასი დაახლოებით 5 ლარია, როცა გასულ წელს ამ დროს დაახლოებით 3 ლარი იყო. თუ საშემოდგომო კულტურებზე ვსაუბრობთ ფაქტობრივად 3-დან 5 ლარმდე გაიზარდა დიზელის ფასი, რაც მნიშვნელოვანი ხარჯია იქიდან გამომდინარე რომ საშემოდგომო, განსაკუთრებით მარცვლოვან კულტურებზეა საუბარი - ქერი, ხორბალი ამ მიმართულებით ძირითადად მექანიზებულია სოფლის მეურნეობა ეს ნიშნავს, რომ დიზელის მოხმარების ხარჯი ძალიან მაღალია, შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ ამდენად გაძვირდა დიზელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ჰა-ზე ხარჯები გაორმაგებულია და 150 ლარითაა გაძვირებული.

სოფლის მეურნეობაში გადაზიდვებია საჭირო, იმპორტზე ვართ ბევრი კუთხით დამოკიდებული იქნება ეს სათესლე მასალა, შხამქიმიკატები, სასუქები, ტექნიკა თუ სხვა - ამ ყველაფერს გავლენა აქვს პროდუქტების ფასებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველგან გაძვირდა და მთელ მსოფლიოში არის ეს პრობლემა მაინც მოგეხსენებათ რომ ისეთი ქვეყნებიდან შემოგვაქვს ჩვენ პროდუქცია, რომლებსაც ან იაფი დიზელი აქვთ ან ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკა აქვთ. ამით კი ისინი ეხმარებიან ფერმერებს და აქედან გამომდინარე ჩვენზე ბევრად იაფი უჯდებათ წარმოება“, - განმარტა კოჭლამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები