მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 20 მლნ გამოიყოფა - მთავრობა

63ce704b43db7
ინგა მურუსიძე
23.01.23 15:31
530
საქართველოს მთავრობა დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 20 მლნ ლარს გამოყოფს. შესაბამისი ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

ხუციშვილის თქმით, თანხა განკუთვნილი იქნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიმართულებით.

„პირველადი შეფასებით, ეს არის დაახლოებით 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა-ნაგებობები, რომლებიც დაზიანდა სრულად ან ნაწილობრივ. აღნიშნული შენობა-ნაგებობების და კერძო სახლების რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა 20 მლნ ლარი, რომლის ხარჯვის პროცესი დაიწყება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ეს თანხა სრულად ეყოფა იმ მოცულობის ზიანს, რაც მიყენებულია იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში.

„იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაფინანსება გახდება საჭირო, ეს სამუშაო პროცესში დაკორექტირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის შედეგად არაერთ რაიონს სერიოზული ზარალი მიადგათ, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური.

ინფორმაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები