მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავბრუნდით ხანგრძლივად“ - რა შეთანხმებით დაბრუნდნენ ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა „აჭარა ჯგუფში“?

64705dbc1492b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 14:17
14202
ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა „აჭარა ჯგუფში“ დაბრუნდნენ და ჰოლდინგში შექმნილ კომპანია Rooms Hotel-ს უხელმძღვანელებენ. ვალერი ჩეხერია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერულავა კი მმართველი დირექტორის პოზიციებს დაიკავებენ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ და მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ კომპანია 2021 წლის თებერვალში დატოვეს, აღნიშნულის შესახებ პოსტი ვალერი ჩეხერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც დაწვრილებით საუბრობდა იმ 10-წლიან პერიოდზე და მიღწევებზე, რომელიც კომპანიაში მისვლის დღიდან ჰქონდათ. იმ პერიოდისთვის ის აცხადებდა, რომ წასვლის შემდეგად „აჭარა ჯგუფის“ გულშემატკივრად რჩებოდა.

თითქმის ორი წლის შემდეგ ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ ჰოლდინგში შემავალ კომპანიაში დაბრუნების შესახებ BMG tv-ის გადაცემა „ბარში“ ისაუბრეს.

„დავბრუნდით ხანგრძლივად... ერთი ოჯახის თემაა“ - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

ლევან ბერულავა კი „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელთან თემურ უგულავასთან შეთანხმებასა და კომპანიაში დაბრუნების შესახებ მათი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„შევხვდით თემურს და მივიღეთ შეთავაზება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ყველა პროექტი და 10 წელი, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შევქმენით, ძალიან მნიშნელოვანია და საქართველოს თანამედროვე ქართული ბრენდი შეიქმნა... პირველი იყო Rooms-ის ბრენდი, შემდეგ ამას ბევრი წარმატებული პროექტი მოჰყვა... საქართველოსთან და თემურ უგულავასთან მიმართებით ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია და იმის მიუხედავად, რომ კარგად, წარმატებულად ვმოღვაწეობდით პირველ წელს ნიუ-იორკში და შემდეგ ბერლინში, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავით და ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა“, - აღნიშნა Rooms Hotel-ის მმართველმა დირექტორმა.

ჰოლდინგში ახლადშექმნილი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია კი ყურადღებას მათ მიერ შექმნის ქართული სასტუმროების ბრენდზე ამახვილებს ყურადღებას და თემურ უგულავასთან შეთანხმების დეტალებს განმარტავს.

„ჩვენ სიახლეების მომტანი კომპანია ვიყავით. გადავწყვიტეთ, Rooms-ის ბრენდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. საქართველო ძალიან ბევრმა Rooms-ით გაიცნო, ჩვენი გეგმაა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიყვანოთ და გავაცნოთ ქვეყანას ამ სახელწოდებით.

რას გულისხმობს [თემურ უგულავასთან] შეთანხმება. ჩვენ Rooms-ის ბრენდს კომპანიიდან დამოუკიდებლად გამოვყოფთ, ისევე როგორც Soho House-ია, რომელიც ძალიან ძლიერი ბრენდია და არც ვიცით, მის უკან ვინ დგას, რადგან ამის ინტერესიც არ არის. ეს იყო თემურის იდეა და ამ იდეას სიამოვნებით შევუერთდით. ერთი კვირაა აქტიურად ვმუშაობთ და კონკრეტული და გარკვეული ბიუროკრატია უნდა გავიაროთ, რომელიც ქონების და აქტივების გადმოტანას გულისხმობს“, - განმარტა ჩეხერიამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები