ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები შვიდმა მემკვიდრემ წარადგინა - ამის შესახებ თემურ უგულავას საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის განახლებულ ამონაწერში აღნიშნული, სადაც მისი წილის მმართველებად 17 სექტემბერს მისი შვილები დარეგისტრირდნენ; თუმცა თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის" ძირითადი ჰოლდინგური კომპანიის ამონაწერში, ჯერჯერობით, მსგავსი ცვლილებები არ ასახულა.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სამკვიდროს მართვისთვის სანოტარო აქტი 2026 წლის 14 ივლისს გამოიცა. როგორც დოკუმენტაციაში არის აღნიშნული, 2026 წლის 22 ივნისს, აშშ-ში ნიუ-იორკის შტატში ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მართვისთვის განაცხადი შვიდმა პირდაპირმა მემკვიდრემ წარადგინეს.
სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები წარადგინეს გეგა, ნუცა, სანდრო, ნოდარ, თეიმურაზ, ტოკიო მარგო და ლუკა უგულავებმა. დოკუმენტის თანახმად, ისინი თემურ უგულავას შვილები და პირველი რიგის კანონით მემკვიდრეები არიან. სამი არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში განცხადებები მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა წარადგინეს, ხოლო ერთ შემთხვევაში განცხადება მემკვიდრის მხარდამჭერის მიერ იქნა წარმოდგენილი. სამკვიდრო მოწმობა, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ გაიცემა მემკვიდრეთა მოთხოვნის შემთხვევაში.
მოწმობის მიხედვით, სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეები უფლებამოსილნი არიან, ერთობლივად მართონ სამკვიდრო სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე. ეს მოიცავს სამკვიდროში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, ქონების მოვლა-პატრონობას, ფინანსური ვალდებულებების შესრულებასა და დებიტორებისგან შესაბამისი თანხების მოთხოვნას.
დოკუმენტში ცალკე არის მითითებული თემურ უგულავას სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოსილებებიც. კერძოდ, მემკვიდრეებს შეუძლიათ განახორციელონ მისი, როგორც მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოებაში წილის/აქციის ბენეფიციარი მესაკუთრის, პარტნიორის ან წევრის უფლებები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი საზოგადოებების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ეს უფლებამოსილებები არ მოიცავს სამკვიდროს გასხვისების უფლებას, გარდა კანონით ან შესაბამისი დოკუმენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოწმობის თანახმად, სამკვიდროს მართვის შედეგად მიღებული ყველა შემოსავალი და სარგებელი თავად სამკვიდროს მიეკუთვნება. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია მემკვიდრეთა ვალდებულებები სამკვიდროს კეთილსინდისიერად მართვისა და მართვის შესახებ ანგარიშგების მიმართულებით.
ამასთან, გასული კვირის ბოლოს "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიამ" თბილისში მუხიანის დასახლებაში მდებარე "რადიო ქალაქის" 24,000 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ბერა ივანიშვილის კომპანიას მიჰყიდა. ბიზნეს რეესტრზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ნასყიდობის ფასი მითითებული არაა.























