ქართულ -პოლონური საწარმო „დელტა ვებე“ წლის ბოლოსთვის ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
უწყების ცნობით, შექმნილია ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით კარგად აღჭურვილი სასწავლო ცენტრი.
"კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. პარალელურად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა, გაიზარდოს დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.
„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1H და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება.
დაიწყო ნატოს სტანდარტების ავტომატური GI-4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესი. მიმდინარეობს დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ, საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება. „დელტა ტექსტილის“ მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება კი წარმატებით მიმდინარეობს.