თბილისში, მახათას მთაზე ახალ ჯარის ქალაქს კომპანია "ანაგი" ააშენებს - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც პროექტის ღირებულება 144 მილიონი ლარი იქნება.
ტენდერში მონაწილეობას სულ ორი კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" და "ანაგი" იღებდნენ, კომპანია ანაგის სატენდერო ფასი 143.9 მილიონი ლარი, "მაქრო ქონსთრაქშენის" ფასი კი 133.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა ამ უკანასკნელს თავდაცვის სამინისტრო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, გამარჯვებულად "ანაგი" გამოცხადდა. სამინისტროს მიერ ტენდერში კომპანიებისთვის მოთხოვნილი გამოცდილება მინიმუმ 300 მილიონი ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.
ახალი ჯარის ქალაქი მახათას მთაზე, სახელმწიფოს კუთვნილ 100,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე შენდება. მთავრობამ მახათას მთაზე ჯარის ქალაქის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 1,092 ოჯახისთვის გათვლილი, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.
ჯარის ქალაქის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 39 ერთეული, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ამასთანავე, წინა პროექტისგან განსხვავებით, ახლა სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორის შესარჩევად ღია ტენდერი გამოცხადდა, რადგანაც პირველი ფაზის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები თავდაცვის სამინისტრომ უტენდეროდ შეისყიდა და პროექტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარის ქალაქში ბინების შეძენას სამხედრო სამსახურში დასაქმებულები კვადრატულზე მხოლოდ 100 დოლარად შეძლებენ.
კომპანია ანაგი ამჟამად, თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქის მშენებლობითაც არის დაკავებული, რომელიც 1,100 ბინაზე გათვლილი ახალი უბნის მშენებლობას მოიცავს. პროექტის ღირებულება 125 მილიონი ლარია. კომპანია ასევე აშენებს თბილისში დევნილებისთვის გათვლილ 244-მილიონიან საცხოვრებელ უბანს, რომელიც 2,400 ბინაზე არის გათვლილი და ქუთაისსა და ზუგდიდში 2,420 ბინაზე გათვლილ საცხოვრებელ უბნებს რომლის ღირებულებაც 268 მილიონი ლარია. ჯარის ქალაქის ჩათვლით, კომპანია ანაგის ცენტრალური მთავრობისთვის ასაშენებელი ახალი საცხოვრებელი ბინების ღირებულება მთლიანობაში 781 მილიონი ლარია. კომპანიამ წელს ასევე გაიმარჯვა ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის 54 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ხოლო გასულ წელს კი კომპანიამ ბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის 78 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა.