მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, წესების და გაიდლაინების შესრულებაზე ბიზნესების და კომპანიების შემოწმება იწყება

5e8af9fc6bd3d
ინგა მურუსიძე
06.04.20 14:52
1071
დღეიდან ვიწყებთ ბიზნესებისა და კომპანიების ინტენსიურ შემოწმებას, თუ როგორ ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებსა და გაიდლაინებს, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხო მუშაობისთვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შემოწმებას განახორციელებენ ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი შრომითი ინსპექციის სამსახური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყება ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და მუნიციპალური ინსპექციები.

„პირველ რიგში, ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოების შემოწმებას, ვისაც, დღესდღეობით, ფუნქციონირების უფლება მიეცა და მათ დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. შემოწმების მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი დაცულია და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმოსა და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ, რადგან მნიშვნელოვანია ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, დაიწყება იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმება, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. ასეთ ბიზნესებს მიეცათ საშუალება, დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და შემდგომში გააგრძელონ ფუნქციონირება.

მინისტრის განმარტებით, ეს არის დიდი და შრომატევადი პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება და ამას უნდა შევეგუოთ.

„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ კომპანიებს უსაფრთხო ბიზნესსაქმიანობის წესებზე სიღრმისეულად გადასაწყობად დრო სჭირდებათ, მაგრამ ეს არის ინვესტიცია, რომელიც მეწარმეებს არ დაეკარგებათ, იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ მივმართავ ბიზნესებს - კარგად მოემზადეთ, ეს დღეები გამოიყენეთ მოსამზადებლად იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, შემოწმების მთავარი მიზანი არა - დასჯა, არამედ ბიზნესის დახმარებაა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაეწყონ პოსტ-კოვიდურ ეტაპზე.

„აქვე, მინდა გითხრათ, რომ შემოწმების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი თავად დასაქმებულები იქნებიან, რომლებიც ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინებენ, არღვევს თუ არა რომელიმე საწარმო დადგენილ წესსა და გაიდლაინს. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის არა დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ იქნება ჯარიმები და კანონმდებლობა საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს, არამედ ბიზნესის დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს პოსტკოვიდურ ეტაპზე და მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, რათა თავისუფლად გააგრძელონ საქმიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.