მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდხანს ჩართული სანათების, ტელევიზორების ფონზე, ელ.ენერგიის მოხმარება მცირდება - რატომ?

5e7e08f9a944a
დავით ჯალაღონია
28.03.20 00:00
3198
ვინც სამსახურიდან შინ ძირითადად ფეხით ბრუნდებით, თუ დააკვირდებით, უფრო მეტ განათებულ ფანჯარას დაინახავთ. ეს, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და კამპანიის შედეგია, რომელსაც ჰქვია - #დარჩისახლში. ამიტომ BM.GE დაინტერესდა, როგორ აისახება სახლში გატარებული დღეები ელექტროენერგიის მოხმარებასა და ზოგადად, ენერგეტიკაზე.

"თელასის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა. 24 მარტის ჩათვლით, არსებული მაჩვენებლების მიხედვით, მარტის დღეებიდან ელექტროენერგიის ყველაზე მეტი მოხმარება 23 მარტს დაფიქსირდა (8 მლნ 581 ათას 433 კვტ.სთ), თუმცა, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა კორონავირუსის გარეშე ვცხოვრობდით, 4.3%-ით ნაკლებია. შესაბამისად, 24 მარტის ჩათვლით ჯამური მაჩვენებლები, გასული წლის მარტის სრულ თვეს საგრძნობლად ჩამორჩება.



განსხვავებული ვითარებაა რეგიონებში. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 25 მარტამდე „ენერგო-პროს“ აბონენტებმა 12.4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს, ვიდრე გასული წლის სრული მარტის მონაცემებით.



დედაქალაქის, ასევე რეგიონების ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს უწყვეტ რეჟიმში "სახელმწიფო ელექტროსისტემა" აკვირდება, რომლის ინფორმაციითაც, 9 მარტიდან ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია 4%-ით, შარშანდელთან შედარებით, თვის ჭრილში, შემცირებულია 7,6%-ით, დღის ჭრილში კი - 14% პროცენტით.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯამურად, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტენდენციაა, BM.GE "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის" დირექტორს, სემეკ-ის ყოფილ თავმჯდომარეს ირინა მილორავას დაუკავშირდა, რომელმაც მოხმარების კლების ფასებზე გავლენა შეაფასა.

"იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და დიდ მომხმარებლებზე ეს შემდეგი გზით აისახება - ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა, პირველ რიგში, ძვირიანი ელექტროენერგიის წილი შემცირდება. ძვირიანი ელ.ენერგიაა პირველ რიგში, იმპორტირებული და შემდეგ - თბოელექტროსადგურების. შესაბამისად, წესით, ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა, როგორც ენერგეტიკულ საწარმოებს, ასევე დიდ მომხმარებლებს უნდა გაუიაფდეთ. ეს იქნება ელექტროენერგიაზე მოხმარების შემცირების შედეგი.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს - გახსოვთ, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ძირითადად ორი კომპონენტისგან შედგება - ეს არის ელექტროენერგიის პროდუქტის ფასი და მეორე, ინფრასტრუქტურის გადასახადი: განაწილების, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ტარიფები. თუ იმპორტირებული ელექტროენერგიისა და თბოსადგურების წილი მოხმარებაში შემცირდება, ეს აისახება ელ.ენერგიის შესყიდვის ტარიფზე, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება აუცილებლად ინფრასტრუქტურულ ნაწილში. საბოლოოდ რა შედეგი დადგება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, ეს უკვე წლის ბოლოს გამოჩნდება", - განმარტა ირინა მილორავამ.

ელექტროენერგიის მოხმარების და ღირებულების შემცირება როგორ აისახება გენერაციის ობიექტების შემოსავლებსა და საინვესტიციო გარემოზე, ამის შესახებ BM.GE საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს დაუკავშირდა. პირველ რიგში, აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ მოხმარების შემცირება ლოგიკურია და ეს სამომავლოდ, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება, რადგან საწარმოების ნაწილი მუშაობას ვერ გააგრძელებს. 

"პირველი რისკი ის არის, რომ მოთხოვნა სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან მოხმარება შემცირდება. გარკვეული საწარმოები შეაჩერებენ მუშაობას, ან უკვე შეაჩერეს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა დავარდება. მოთხოვნის შემცირება ფასის ვარდნას გამოიწვევს, რაც ასევე არასასიამოვნო სიგნალია იმ ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობენ ჩვენს ქვეყანაში, ენერგეტიკაში ინვესტირებას, ვინაიდან მოგეხსენებათ, ახლა ხდება ბაზრის დერეგულირება, თუმცა, გასაგებია, რომ ეს ფორსმაჟორია.

მეორე - ყურადღებამისაქცევია ის, რომ ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) არ შეექმნას გარკვეული პრობლემები, მათ შორის გადახდისუუნარობის ნაწილში, ანუ არ აღმოჩნდნენ ისეთი მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც ელექტროენერგიის დავალიანების დროულად დაფარვას ვერ შეძლებენ და აქედან გამომდინარე, ესკო-მ ჩვენთვის, გენერაციისთვის ვერ შეძლოს თანხის გადახდა. ჩვენ, ჩვენის მხრივ, საბანკო ვალდებულებები გვაქვს, ჩვენთან ხალხია დასაქმებული, რომელთაც შეიძლება ხელფასი ვერ გადავუხადოთ და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

შექმნილი ვითარებისა და ზემოთ დასახელებული პროგნოზების გათვალისწინებით, ენერგოსექტორს მთავრობასთან კონსულტაციები აქვს.

"ყურადღებაა მისაქცევი ენერგეტიკის ნაწილში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად შევძლოთ.

კრედიტორებთან გვქონდა ამ თემაზე, რისკებზე დისკუსია, რომ რაღაც გეგმა შევიმუშავოთ, რით შეიძლება ჩვენს სექტორს მთავრობა დაეხმაროს და მთავრობასთანაც, ამ მიმართულებით კომუნიკაცია გვაქვს.

ელექტროენერგიის მოხმარების კლება ფაქტია, იქნება და გარკვეული საწარმოები გაჩერდებიან", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

ამ თემებს BM.GE ისევ დაუბრუნდება, ახლა კი მთავარი - ამ წუთებში, როცა ამ მიმოხილვას ეცნობით,  ელექტროინჟინრები, ტექნიკოსები, დისპეტჩერები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ სახლში დარჩეთ, ჩვენი სტატიები იკითხოთ, ტელეეკრანებთან გვიყუროთ და ჩაიდანიც ჩართოთ, თუ ახლა თქვენთან ყავა/ჩაის დრო მოვიდა.