საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი წევრი და უკვე კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას მრჩეველი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ 1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის სემეკ-ი მზად იყო. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. მაია მელიქიძე იმედოვნებს, რომ ბირჟის ამოქმედების გადავადების მიუხედავად, CFD-აუქციონების მეორე ეტაპზე, რომელიც ზაფხულში უნდა ჩატარდეს, ინვესტორების ინტერესი მაღალი იქნება.
- გასაგებია, რომ სემეკ-ის არ წყვეტდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება-არამოქმედების საკითხს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მეექვსედ გადავადებას ხომ არ სჯობდა, ამოქმედებულიყო ბირჟა და პრაქტიკაში გვესწავლა? ჩვენ მოვისმინეთ საქართველოში „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოს შეფასებაც ამ საკითხზე, რომ ხშირი გადავადება სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეების და ინვესტორების ნდობაზე...
- პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ სემეკ-ი მზად იყო და დღესაც მზად არის ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებებისთვის. სემეკ-ში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო. აბსოლუტურად ყველა ქეისი, ყველა შემთხვევა, რაც კი მსოფლიოში არსებობს - განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ჩვენ შევისწავლეთ და სიღრმისეულად გავაანალიზეთ, სად შეიძლებოდა საფრთხე ყოფილიყო და შემიძლია ვთქვა, რომ სემეკ-ი სრულად მზად იყო.
- მაშინ ვინ არ იყო მზად და როცა ამბობთ, რომ სემეკ-ი მზად იყო, გულისხმობთ იმას, რომ ბაზრის მოთამაშეებიც მზად იყვნენ?
- ბაზრის მოთამაშეებს, ტექნიკური თვალსაზრისით, ჰქონდათ გარკვეული გამოწვევები. ჩვენ თითქმის ყოველკვირა გვქონდა მოსმენა და ვაკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა წმინდა ტექნიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა პროცესი - განაცხადების დადება, შემდეგ უკვე ვაჭრობა და ა.შ. უნდა ვთქვა, რომ ენერგეტიკული ბირჟაც მზად არის ირინა მილორავას ხელმძღვანელობით. უბრალოდ, როგორც მე მიჩნდება განცდა, მოთამაშეებს უფრო მეტი მომზადება სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებულები გავიდნენ ბაზარზე. უკვე მქონდა საუბარი კომისიის ერთ-ერთ წევრთან, როგორ წარმოგვიდგენია შემდეგი 1 წელი, როდესაც ბაზარი სრულყოფილად არ იქნება გახსნილი ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სრულად არ დაიკარგოს გაკეთებული საქმე და შრომა; ჩვენ გარკვეუწილად შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ერთი წელი არ ჩაივლის უკვალოდ და ვიმუშავებთ ზუსტად იმ პატარა ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც შესაძლოა, არის; ვიქნებით კონსულტანტები და პარტნიორები მათი, ვინც ვერ შეძლო ბოლომდე წელში გამართვა და იმის თქმა, რომ მზად არიან, თავისუფალ ბაზარზე ივაჭრონ...
- ბევრი იყო ასეთი კომპანია?
- იცით, როგორ არის?!.. ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც იყო პროგნოზების გაკეთების თვალსაზრისით. ამ ნაწილში 100%-იანი პროგნოზების გაკეთება არავის შეუძლია. მე როგორც ყოფილი ბანკირი იმასაც ვიტყვი, რომ 2008 წელს როცა სერიოზული რყევა განიცადა საბანკო სექტორმა, შემდეგ შემოვიდა სტრეს-ტესტების პრაქტიკა. ვფიქრობ, პრაქტიკამ კი არ უნდა შვას გეგმა A ან B და სტრეს-ტესტების კორიანტელი, არამედ შეგვიძლია, თეორიულადაც ამ ყველაფრის გაკეთება. აი, რა კითხვაც თქვენ დამისვით - ხომ არ სჯობდა, გახსნილიყო ბაზარი და პრაქტიკაში გვესწავლა, დაგვენახა სირთულეები და გამოგვესწორებინა... ჩემი გადმოსახედიდან ამის წარმატებული მაგალითი იყო საბანკო სექტორი 2008 წელს, როდესაც სერიოზული დარტყმა მიიღო საფინანსო სექტორმა, დეპოზიტების გადინება დაიწყო და ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნათ... თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის ნაწილში ლიკვიდურობის კომპონენტიც ჩადებულია გადაზღვევის სახით...
- ანუ სჯობდა, 1-ელ ივლისს ამოქმედებულიყო ენერგეტიკული ბირჟა?
- გააჩნია ვის როგორი სითამამე აქვს ამ პროცესში. სემეკ-ი მზად იყო. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ვისურვებდი, ამ პროცესში უკვე უფრო ღიად ვისაუბროთ ბაზრის მოთამაშეებთან, რომლებსაც ჰქონდათ ეს მომენტი, რომ სემეკ-ის მხრიდან არ წამოვიდეს დაჯარიმებები და ა.შ. იყო გარკვეული შიშები. ახლა ეს შიში უნდა მოვხსნათ. დავით ნარმანიასთან, ჩემი - როგორც მრჩევლის პირველი რჩევა ეს იქნება - მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ბაზრის იმ მოთამაშეებთან, რომლებსაც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები ჰქონდათ.
- განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი CFD მექანიზმი პრაქტიკაში ვერ იმუშავებს თუ არ ამუშავდა ენერგეტიკული ბირჟა. გასაგებია, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება ენერგოობიექტის აშენებას, მაგრამ ბირჟის ამოქმედების კიდევ 1 წლით გადავადება ინვესტორების ნდობაზე არ აისახება?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონი არ არის მარტივი. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ეტაპზე არიან. მეზობლებს შორის ყველაზე განვითარებული თურქეთია. რამდენიმე ხნის წინ სომხეთმაც მომმართა - ჩვენ ნაწილობრივ გავხსენით ბაზარი, გარკვეულ წინააღმდეგობას წავაწყდით და მოხარული ვიქნებით, თუ ვითანამშრომლებთო... რა არის ჩვენი გამოწვევა? - რეგიონში ყველა ქვეყანას გვაქვს სხვადასხვა ენერგეტიკული მოდელი, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ყველა ქვეყანაში თამაშის წესები თითქმის იდენტურია და ელექტროენერგიით ვაჭრობაც მარტივია. ჩვენს სამეზობლოში კი, ყველას აქვს სხვადასხვა თამაშის წესი, ამიტომ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა არაა მარტივი, რადგან ის ეყრდნობა გარკვეულ ხელშეკრულებებს და არა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს. აი, ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უფრო მყარად ვიდგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გადავდგათ თამამი ნაბიჯები, არ გავხსნათ ენერგეტიკული ბაზარი და არ ვიყოთ სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ქვეყანა...
- ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CFD-მექანიზმით აუქციონების მეორე ეტაპი ზაფხულში გაიმართება. ვიცით, პირველ აუქციონზე საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი და კონკურენცია. ბირჟის გადავადების გათვალისწინებით, რა მოლოდინები გაქვთ?
- მოლოდინი მაქვს, რომ ისეთივე მაღალი იქნება ინტერესი, როგორც პირველი აუქციონის დროს.