მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟას სავაჭრო პლატფორმის შეძენა €1.4 მილიონი დაუჯდება

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შეძენა 1.4 მილიონი ევრო დაუჯდება, ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვეგრდზე გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვიდან ხდება ცნობილი. ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ გალდავას მიერ წარდგენილი განაცხადის თანახმად, საქართველო ამ სერვისს ევროპული სავაჭრო პლატფორმა Nord Pool-ისგან შეიძენს.

განაცხადის თანახმად, შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება იყო 1.17 მილიონი ევრო, თუმცა ბირჟის ამოქმედების გადავადების გამო, საბოლოოდ მომსახურების მიღების საფასური 1.4 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

“საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის #239 დადგენილებით კვლავ შეიცვალა დღით ადრე და დღიურ ბაზრების ამოქმედების ვადა და მან გადაიწია 1 წლით, 2024 წლის 1 ივლისამდე. ბაზრის ამოქმედების ვადების ცვლილების გათვალისწინებით, "ნორდ პულმა" 2023 წლის 6 ოქტომბრის წერილით სენბის წარუდგინა ფასის ახალი წინადადება, რომელშიც აღწერილია დღით ადრე და დღიური ბაზრების მომსახურების ახალი პირობები. ახალი შეთავაზების მიხედვით, დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალური ოპერირების მომსახურების ღირებულება შეადგენს 1,412,700 ევროს, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება - 24 000 ევრო. გარდა ამისა, აღნიშნული წერილის მიხედვით, მათ შორის, ძირითადი მომსახურების მიღების დასრულების ბოლო შესაძლო ვადად განსაზღვრულია 2028 წლის 30 აპრილი. ამავდროულად, ნორდ პულმა 2023 წლის 6 ოქტომბრის წერილით სენბის აცნობა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა ვაჭრობის ორგანიზებისათვის არის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების რეალური ამოქმედება, 2025 წლის 1 მაისს შემდეგ გამოცხადდება ე.წ. ბაზრების ტექნიკური გაშვება, რაც გულისხმობს, რომ ნორდ პული დაიწყებს მომსახურების საფასურის დაკისრებას, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ პლატფორმაზე შესაძლოა არ მიმდინარეობდეს კომერციული მიზნით ვაჭრობა. ყველაზე ხარჯ-ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომსახურების მიღების პერიოდის განსაზღვრა უნდა მოხდეს ფასის წერილის შესაბამისად - დღით ადრე ან/და დღიური ბაზრის ამოქმედებიდან 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს 2028 წლის 30 აპრილისა. თუ დღით ადრე ან/და დღიური ბაზრები გაეშვება 2025 წლის 30 აპრილამდე, რეალური პლატფორმის მომსახურება დაიწყება გაშვების თარიღიდან და გაგრძელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გარდა ამისა, დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების გაშვების თარიღიდანვე შეწყდება სენბისთვის სატესტო რეჟიმით სარგებლობის მომსახურების საფასურის დაკისრება. სენბიმ ნორდ პულის 2023 წლის 6 ოქტომბრის შეთავაზების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის 2023 წლის 18 ოქტომბრის # 24/10140 წერილით ეცნობა, რომ კომპეტენციის ფარგლებში, არ არის წინააღმდეგი, სს "საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ" დადოს განახლებული თანამშრომლობის შეთანხმება "ნორდ პულთან"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ერთი წლით გადავადებას არ უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები