მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სამინისტრომ ჩინურ DBH Group-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

dbh

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ Shenzhen Dabaihui Industrial Group-ს (DBH Group) შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანიის პრეზიდენტმა ვენ იუსიუენმა მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ჩინური კომპანიის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს.

ჩინური მხარე, თავის მხრივ, კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შეთავაზებებს მოამზადებს განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. მემორანდუმი ამ ეტაპზე თანამშრომლობის ჩარჩოს განსაზღვრავს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ვალდებულებას არ ადგენს.

მემორანდუმის გაფორმებამდე DBH Group-ის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის სახით.

DBH Group, კომპანიისა და მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის გუანდუნის პროვინციასა და შენძენში მოქმედი დივერსიფიცირებული ბიზნესჯგუფია. 1994 წელს დაარსებული ჯგუფი 26 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და საქმიანობს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ბიოტექნოლოგიისა და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე და DBH Group-ის სხვა წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები