მაია მელიქიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თავად მაია მელიქიძემ განაცხადა და დასძინა, რომ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას გარკვეულ კონსულტაციას გაუწევს.
„მსურს, განსხვავებულ როლში წარვდგე საზოგადოების წინაშე - როგორც ადამიანი, რომელიც შეეცდება და იბრძოლებს იმისთვის, რომ ენერგეტიკაში კერძო სექტორის გამოწვევები უფრო ნათლად დაანახოს სახელმწიფოს სექტორს, მათ შორის მარეგულირებელსაც და შევქმნა პლატფორმა, რომელიც მხარეებს უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. როგორც სემეკ-ის წევრს, ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით ახლოს ვთანამშრომლობდი განახლებადი ენერგიების მიმართულებით სხვადასხვა ასოციაციასთან და ყოველთვის ვცდილობდი მათ გვერდში დგომას, რათა ყველა სამართლიანი მოთხოვნა, რომელიც ჰქონდათ, დროულად ასახულიყო შესაბამის რეგულაციებში“, - განაცხადა მაია მელიქიძემ და დასძინა, რომ მისი, როგორც სემეკ-ის თავმჯდომარის მრჩევლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამთავრობო უწყებებთან მაქსიმალური კომუნიკაცია იქნება.
ენერგეტიკის დარგში ბიზნესის საჭიროებებსა და ინიციატივებზე საუბრისას მაია მელიქიძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის იმ თემსა და მუნიციპალიტეტში დარჩენას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტი შენდება.
„ძალიან მომწონს „განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” ეს ინიციატივა. ეს არის არაჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა. ჩემი როლი იქნება მსგავს საკითხებზე სამთავრობო უწყებებთან მაქსიმალური კომუნიკაცია. GREDA-ს კანონპროექტი უკვე მზად აქვს. ეკონომიკის სამინისტროში განხილვები დაწყებულია; სხვა უწყებებთანაც კონსულტაციები გავლილია... ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილში არის უარყოფითი დამოკიდებულება ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ GREDA-ს ინიციატივის კანონად ქცევა იქნება დამატებითი კომპონენტი ადგილობრივებისთვის იმ ბენეფიტების საჩვენებლად, რომელსაც გენერაციის ახალი ობიექტი მათ მოუტანთ“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
შეგახსენებთ: მაია მელიქიძეს სემეკ-ის წევრობის 6-წლიანი ვადა რამდენიმე დღის წინ ამოეწურა. ის ამ პოზიციაზე დავით თვალაბეიშვილმა შეცვალა. დავით ნარმანიას მრჩევლობის პარალელურად, მაია მელიქიძე რჩება ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტის თანამდებობაზე.