მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზაინისა და რეწვის ნიმუშების მონეტიზაცია - „კეტარი ფონდის“ მთავარი გზავნილი „ეთნო ფესტი 2022-ზე“

634e391d1d78b
თათია ჩაფიჩაძე
18.10.22 11:00
383
ექსპო ჯორჯიამ მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მე-4 საერთაშორისო სამიტს “ეთნო ფესტი 2022-ს“ უმასპინძლა.

ღონისძიების მიზანი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ხელოვანთა პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური მდგრადობის გაზრდა იყო. სამიტში შვიდი ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი და ნიდერლანდები მონაწილეობდა.

ჯამურად წლევანდელ ექსპოზე მხატვრული რეწვისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე 200-მდე ხელოვანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

სამდღიანი სამიტი მოიცავდა გამოფენა - ექსპოს, საერთაშორისო სემინარს, ტრენინგებს, მასტერკლასებსა და მხატვრული რეწვის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას.

"ეთნო ფესტი 2022" კეტარის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. სამდღიან სამიტზე ფონდის წარმომადგენლებმა კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს პრეზენტაცია საავტორო სამართლებრივი დაცვის შესახებ წარუდგინეს.

გარდა ამისა, გამოფენის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდთან სამომავლო თანამშრომლობისა და შესაძლებლობების შესახებაც.

„კეტარი ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენაში მონაწილეობა, ვინაიდან რეწვა და დიზაინი ეს გახლავთ კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ ჩავატარეთ ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებდა პრეზენტაციას დიზაინისა და რეწვის ნიმუშების საავტორო-სამართლებრივი დაცვის შესახებ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვეცადეთ მონაწილეებისთვის აგვეხსნა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეწვისა და დიზაინის ნიმუშების საავტორო სამართლებრივი დაცვა და ის თუ როგორ შეუძლიათ მათ გამოიყენონ ჩვენი ფონდის მიერ დაფინანსებული სტარტაპი აეტისი, იმისათვის რომ მათი უფლებების დაცვა სამომავლოდ გარანტირებული იყოს.

პრეზენტაციის ფარგლებში ვისაუბრეთ "კეტარი ფონდზე" როგორც აქსელერატორზე, ჩვენ ავუხსენით გამოფენის მონაწილეებს, რომ მათ შეუძლიათ მოგვმართონ იმ შემთხვევაში თუ ექნებათ საინტერესო იდეები და ჩვენ მათ გავუწევთ დახმარებას იმ თვალსაზრისით, რომ გავუზიარებთ ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით კეტარის თანამშრომლების გამოცდილებას და დავეხმარებით შემდგომი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.“ - განაცხადა „კეტარი აკადემიის“ ხელმძღვანელმა გვანცა გუგეშაშვილმა.

"კეტარის ფონდი" ახალი თაობის უნიკალური საერთაშორისო საინვესტიციო ფონდია, რომელიც კრეატიული კომპანიებისა და პროექტებს აერთიანებს. ფონდის მიზანი კრეატიული ინდუსტრიისთვის ფიზიკური და ვირტუალური ცენტრების (HUB) განვითარება და ციფრული პროდუქტების ეკოსისტემის შექმნაა.

კეტარი საქართველო სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: კეტარის აკადემია, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას და ჩატარებას მოიაზრებს; კეტარი ივენთი - შემეცნებითი, გასართობი და საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვა და კეტარი აქსელერატორი - სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების განხორციელება.
NS