მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG-ით შუნტირების ტარიფი 8500-დან 12 500-მდე გაგვიზარდეს - კლინიკა „გულის“ დირექტორი

6376583f38803
ელენე გოგბერაშვილი
17.11.22 20:25
3020
1 ნოემბრიდან სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს ახალი სისტემის მიხედვით უხდის ანაზღაურებას. DRG-ის ძალაში შესვლიდან ორი კვირის თავზე უკვე იდენტიფიცირდა ის ხარვეზები, რაც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსებას ახლავს თავს.

კლინიკა „გულის“ დირექტორ ანზორ მელიას შეფასებით, 520-ე დადგენილების შემდეგ, რა დროსაც კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ტარიფები შემცირდა, DRG-ზე გადასვლა შეიძლება ითქვას კლინიკებისთვის შვებაა. როგორც მელია bm.ge-სთან აცხადებს, ახალი სატარიფო სისტემით, ფაქტობრივად კარდიოქირურგიული კლინიკები დაუბრუნდნენ იმ სატარიფო ანაზღაურებას, რასაც სახელმწიფო მათ 520-ე დადგენილების ძალაში შესვლამდე უხდიდა. მიუხედავად ამისა, ანზორ მელია საუბრობს ხარვეზებზეც. განსაკუთრებით პრობლემური მათთვის პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვადებია, რადგან ძვირადღირებული ტექნოლოგიის შეძენის ხარჯების გაწევა კლინიკებს უწევთ. სახელმწიფო კი ანაზღაურებას თვეების შემდეგ უხდით.


„მე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი DRG -ის მონაცემებით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ 520-ე ბრძანებამ გაგვაღატაკა. წარმოიდგინეთ იანვრიდან მაისის თვემდე ჩავატარეთ 54 ოპერაცია და 236 ათასი ვალი დამიტოვა, შავ დღეში ვიყავი და ამიტომ ვარიდებდი თავს ოპერაციების გაკეთებას, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო. ახლა ისევ ის თანხები გახადეს, შუნტირება 12 500 ლარის ნაცვლად 8 500-სა. შესაბამისად, ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე ვმუშაობთ.


მარტო კარდიოქირურგია კი არა, მანკის ოპერაციებიც თვითღირებულებაზე ნაკლებად იყო შეფასებული. სარქველი, რომელიც 3-4-5 ათასი ღირს, არაფერია რჩებოდა და ამიტომ მანკიანებს კულტურულად ვიშორებდით, ახლა კარგად არის განფასება, მაგრამ უკმაყოფილი ვართ იმით, რომ თუ ორ სარქველს ჩააყენებ, მაშინ არაფერი არ გრჩება და 5% მოგება მაინც ხომ უნდა დაგრჩეს?! DRG-ით ერთი სარქველის ანაზღაურებაა გათვალისწინებული. ზოგჯერ 2-3 სარქველი სჭირდება პაციენტს, არ ვიცით რა ვქნათ. იმედია დაიხვეწება.

ცუდი ისიცაა, რომ არ ვიცით ზუსტად რა ჯდება ოპერაცია, რადგან სხვადასხვა საზომია, ასაკის, წონის, სქესის მიხედვით ხდება. ახლა ვაკეთებთ ძვირადღირებულ სტენდს და 20 000 ლარი მჭირდება, რასაც მომწოდებელი არ მაძლევს ფულის გარეშე. საიდან მოვიტანო ის ფული, როცა 2-3 თვის მერე ჩამირიცხავენ? ასეთ შავ დღეში ვარ, მაგრამ იმედია დაიხვეწება“,-აცხადებს ანზორ მელია.

პრობლემური გახდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ კლინიკასა და პაციენტს შორის ანგარიშსწორებაც. ანზორ მელია ამის კონკრეტულ მაგალითს გვიყვება.

„ზუგდიდში ჩავაყენე სტენდები. არ ვიცოდით ფასი. პაციენტს ვუთხარით, რომ გეტყვით გაწერის დღესთქო. რომ ვუთხარით გაიქცა ავადმყოფი და არ გადამიხადა ფული. არ შეიძლება ასე. წინათ ვიცოდით, რომ სტენდირების დროს ამდენი იყო პაციენტის მხრიდან დასამატებელი, ახლა არ ვიცით. წონა, სქესი, ასაკია გასათვალისწინებელი, დავიღალეთ“,-აცხადებს ანზორ მელია.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ახალი სისტემით კლინიკებს კალკულაციას პაციენტის გაწერის დღეს აძლევენ.

როგორც ცნობილია, DRG ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მოქმედებს და სრულყოფილად ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები