მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან მწყდება გული, რომ ლარი ასე ჩქარა მყარდება“ - ბიზნესმენი

64244b258d23c
თელარა გელანტია
01.04.23 20:37
32078
ბიზნესმენი დავით კაკაბაძე, რომელიც სერვისების და სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტითაა დაკავებული ლარის გამყარების ნეგატიურ მხარეზე საუბრობს.

„ძალიან მწყდება გული, რომ ლარი ასე ჩქარა მყარდება“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ბიზნესმენი დავით კაკაბაძე „ბი ენდ ენ ჯგუფის“ მფლობელია, რომელსაც წყალტუბოში Park Resort Tskaltubo და 2 აბაზანა/წყარო ეკუთვნის. მის საკუთრებაშია კასპში მდებარე კერამიკული სამშენებლო მასალების საწარმო “მეტეხის კერამიკა“. ასევე, კაკაბაძეების ოჯახი ქართული პროდუქტების რუსეთში ექსპორტით არის დაკავებული. დავით კაკაბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის შვილია.

„Park Resort Tskaltubo-ს მაგალითზე გეტყვით, რომ შარშან ჩვენი სასტუმროს ნომრის ღირებულება 100 დოლარი იყო, რაც გასული წლის კურსით 310 ლარია. ბოლო ერთ წელიწადში ლარი, დაახლოებით, 20%-ით გამყარდა და ახლა ერთი დოლარის ფასი 2.57 ლარია ანუ 100 დოლარი ახლა 257 ლარია. ამდენად, მეც მიწევს გავზარდო სასტუმროს ნომერი 120 დოლარამდე, ვინაიდან გაზრდილია კომუნალურების ხარჯი, ქვეყანაში მაღალია ინფლაცია და ასევე, თანამშრომლებისთვის გავზრდეთ ხელფასები... ამდენად, ჩემი სერვისი ლატვიელი თუ პოლონელი ტურისტისთვის გაძვირდა. გამოვიდნენ დიდი სასტუმროების მფლობელები და თქვან - ბრუნვა გაეზარდათ, მაგრამ მოგება გაეზარდათ?! არა მგონია, ასე იყოს“, - ამბობს ბიზნესმენი.

დავით კაკაბაძის თქმითვე, გამყარებული ლარი და ძვირი კომუნალური ტარიფები არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბიზნესმენს “მეტეხის კერამიკაში“ წარმოებული სამშენებლო მასალების ექსპორტი არ უღირს.

- გასაგებია, რომ ლარის გამყარება ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს არ აწყობს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ეროვნული ვალუტის ძირითადად გაუფასურება და რყევები ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვისაც დიდი გამოწვევა იყო...

- მე მგონია, ამ ემოციას ასრულებს ეროვნული ბანკი, რომ სულ უფასურდებოდა, უფასურდებოდა და გამყარდა...

- ლარი ეკონომიკის სარკეაო - ასე ამბობენ. ჩვენი ეკონომიკა ბოლო ორ წელიწადში ორნიშნა ნიშნულით იზრდება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რეკორდულადაა გაზრდილი ფულადი გზავნილები, განსაკუთრებით - რუსეთიდან...

- იცით, მე არ ვარ ფინანსისტი და მაკროეკონომიკურად ვერ ვსაზღვრავ - შეიძლება სასწაულ შედეგამდე მიგვიყვანოს ლარის გამყარებამ, მაგრამ არ მჯერა. მე პირადად არ მომწონს მყარი ლარი. ბაზარი უკვე მიჩვეული იყო 3.1 ლარს, მერე ჩამოვიდა 2.9-ზე და გაეჩერებინათ... სადღაც მოვისმინე, ხალხი რომ გარბის ევროპაში და ამერიკაში, მაგიტომ გაამყარესო... ვისაც უნდა წასვლა, ლარის 15-20%-იანი გამყარებით ვერ დააკავებ, რადგან ისინი მიდიან, ზოგადად, შესაძლებელობების ხათრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები