მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევიან

63c1425740d24
BM.GE
13.01.23 15:28
519
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე 16-დან 19 იანვრის ჩათვლით კავკასიას ეწვევიან. პირველად ჩავლენ სომხეთში, შემდეგ ეწვევიან საქართველოს, და დაასრულებენ ვიზიტს აზერბაიჯანში.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტს წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს ვიზიტი კავკასიაში, რომელიც სექტემბერში შედგა. აღნიშნული ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. დღის წესრიგში აგრეთვე დგას ფინანსური სისტემის მედეგობის, პოლიტიკური რეფორმების განხილვა და ბანკის ახალი სამომავლო სტრატეგიებისთვის მომზადება.

დელეგაცია ჯერ ერევანში გაემგზავრება, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან, ბიზნეს საზოგადოების ლიდერებთან და ბანკის არსებულ პარტნიორებთან. დელეგაციის წევრები ასევე სომხეთის ცენტრალურ ბანკს ეწვევიან, სადაც შეხვდებიან მმართველს და მის მოადგილეს.

საქართველოში დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. EBRD-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებს და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს.

თბილისში ყოფნისას, ბოუმენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ხელს მოაწერს სუვერენული სესხის შესახებ ხელშეკრულებას დედაქალაქში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების მიზნით.

დელეგაცია ვიზიტს ბაქოში დაასრულებს, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან და ბანკის არსებულ ბიზნეს კლიენტებთან. დელეგაცია ასევე ეწვევა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს.

1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 650 მეტი პროექტის ფარგლებში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა კერძო სექტორშია განხორციელებული.

კავკასიაში სამომავლო საინვესტიციო პროექტების დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ.