მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა თურქულ ტანსაცმლის ბრენდ DeFacto-ში $59 მილიონად წილი იყიდა

63cd641bb5c1d
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 20:24
1499
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თურქულ რიტეილ კომპანია DeFacto-ში მინოტარული წილი $59 მლნ-ად იყიდა. როგორც თურქული მედია წერს, EBRD-ის ინვესტიცია DeFacto-ს ზრდასა და გაფართოებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ DeFacto პირველი თურქული ტანსაცმლის რიტეილერია, რომელში ინვესტირებაც EBRD-მა გადაწყვიტა.

DeFacto აღნიშნული ინვესტიციის დახმარებით, გააძლიერებს და შეცვლის ადამიანური რესურსების პოლიტიკას უკეთესობისკენ, რაც შშმ პირების დასაქმების, ტრენინგებისა და საჭიროებებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, კომპანია შშმ პირების დასაქმების წილს 5%-ით გაზრდის წარმოებაში, რიტეილსა და საოფისე ოპერაციებში. გარდა ამისა, EBRD-ის ინვესტიცია ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას კომპანიაში.

„ჩვენ ვუყურებთ DeFacto-სთან პარტნიორობას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს მიზნის მიღწევაში - მხარი დავუჭიროთ მდგრად, საერთაშორისო და მრავალფეროვან კაპიტალის ბაზარს თურქეთში. DeFacto-ს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ქვეყანასა და სექტორში მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა EBRD-ის წარმომადგენელმა თურქეთში.

თავის მხრივ DeFacto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იჰსან ატეშმა აღნიშნა, რომ EBRD-თან თანამშრომლობა კომპანიის გრძელვადიანი გლობალური წარმატების მკაფიო გამომხატველია.

„2022 წელს ჩვენ გაყიდვების შედეგად მიღებული შემოსავლები გავზარდეთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ახალ ბაზრებზე შევედით და გავზარდეთ მაღაზიების რაოდენობა. რეკორდული ექსპორტის რიცხვები და ელ-ვაჭრობის მაჩვენებლები გვქონდა“, - განაცხადა მან.

DeFacto ტანსაცმლის თურქული ბრენდია, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება EBRD-ს, თურქული მედიის ცნობით, ფინანსური ინსტიტუტი თურქეთისთვის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. კერძოდ, 2009 წლის შემდეგ მას 17 მლრდ ევრომდე აქვს ინვესტირებული თურქეთის სხვადასხვა სექტორში.