მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე 520-ე დადგენილების ეფექტს ასახელებს

5fe1e98d67b55
ინგა მურუსიძე
23.12.20 09:00
822
ჯანდაცვის მინისტრობისი კანდიდატი ირწმუნება, რომ 2020 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარდიოქირურგიული დანახარჯები 28%-ით არის შემცირებული, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაწილში ხარჯების 13%-იანი კლებაა. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯანდაცვის სისტემის ეფექტური გაუმჯობესებისთვის გადაიდგა ნაბიჯები და მათ შორის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იყო როგორც მომსახურეობის გაუმჯობესება, ისე - ტარიფიკაციის ამოქმედება.

„ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით ნაბიჯი 520-ე დადგენილების ამოქმედებით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურების ტარიფების დადგენას და გათანაბრებას. აღნიშნულმა პროცესმა ერთი მხრივ, მოახდინა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, შეამცირა პაციენტის მიერ ჯიბიდან გადასახდელი თანხის ოდენობა. კარდიოქირურგიული დანახარჯები 2019 წლის 10 თვიან საანგარიშო პერიოდთან შედარებით წელს 28%-ით არის შემცირებული, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაწილში დანახარჯი - 13%-ით. აღსანიშნავია, რომ პარალელურად გაიზარდა, მიწოდების მომსახურეობის მოცულობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოლოგიური მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ეს იყო დეფიბრილატორების ყიდვა.

„დეკემბრის დასაწყისში შევისყიდეთ 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე მოქალაქის ჯიბიდან გადასახდელი თანხების მოცულობა. 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე მოქალაქეს აღნიშნულ პროცედურაში 17-დან 19 ათასი ლარის ფარგლებში უწევდა თანაგადახდა, ხოლო დეფიბრილატორების გადაცემის შემდეგ თანაგადახდა შეადგენს 3000-3500 ლარს. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი მომსახურეობაზე ჯამში 2,5 მლნ ლარით შემცირდა. გარდა დაფინანსების გაზრდისა, ვმუშაობთ იმ ბენეფიციარების წრის გაზრდაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურეობით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მისი მიზანია, პაციენტების უფლებების დაცვა და მათთვის არასაჭირო ხარჯების თავიდან არიდება.

„ტარიფიკაციის პროცესი გაგრძელდება ინტენსიურად და ეტაპობრივად მოიცავს ყველა ნოზოლოგიას“, - აღნიშნა ტიკარაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციისთვის: 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა 520-ე დადგენილება, რომელმაც დააწესა ზედა ზღვრული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის: მაგალითად, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას (რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს) დაუფინანსებდა მინიმუმ 12,000 და მაქსიმუმ 17,000 ლარით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულებების პროტესტი მოჰყვა. მათი ნაწილი მიუთითებდა, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ. რამდენიმე კვირის წინ კი, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო 2.6 მლნ ლარის ღირებულების 224 კერდიოვერტერ-დეფიბრილატორს თავად შეისყიდის და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცემს.