მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვიცი, რა საფუძვლით უნდა დაინგრეს რესპუბლიკური საავადმყოფო - ეკატერინე ტიკარაძე

641b53ffccbbc
თელარა გელანტია
22.03.23 23:35
1262
დღეს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიხურება და პაციენტებს აღარ მოემსახურება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი კლინიკის სრული რეაბილიტაციაა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს განმარტებას მედია, მათ შორის BMG, გუშინ საღამოდან ელის ანუ მას შემდეგ, რაც 21 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, facebook-ში გავრცელდა ღია წერილი, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავდნენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვდნენ.

ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ. რა თქმა უნდა, გათვლილი იყო არქიტექტურული და ტექნიკური მონაცემები, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან“, - ეწერა განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ უმუშევრად დარჩენა ემუქრებოდა კლინიკის 1000-ზე მეტ თანამშრომელს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციის პერიოდში ექიმების სამუშაო ადგილები და ხელფასები დაცული იქნება. გარდა ამისა, თამარ გაბუნია გამორიცხავს, როგორც კლინიკის პრივატიზაციას, ასევე არსებული შენობის დანგრევას. „საავადმყოფოს ლოკაცია შენარჩუნდება“, - თქვა დღეს გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის აღნიშნული განცხადება განსხვავდება თავად ჯანდაცვის მინისტრის მიერ ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადებისგან.

კერძოდ, ჯერ კიდევ თებერვალში, „რუსთავი2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრეოდა და იგივე ტერიტორიაზე თანამედროვე კლინიკა აშენდებოდა.

„ერთი წელია ამ პროცესს ვაკვირდები, ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ იქნებ რაღაცეები შეგვერემონტებინა, პროცესებისთვის გადაგვეხედა, მაგრამ იმ პირობებში შეუძლებელია რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება. შენობა, რომელიც 60-70-იან წლებშია აშენებული, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც ყველა კლინიკას მოვთხოვეთ 2024-2025 წლიდან. ამიტომ რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად ეფექტიანი იქნება თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა იმ ზომის და ფორმის, რომელიც დააკამაყოფილებს სტანდარტებს, იქნება მრავალპროფილური, როცა დღეს იქ პაციენტი შედის, ვერ ვთავაზობთ მრავალპროფილურ მომსახურებას. როგორ არ ვცადეთ, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ,“ - აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, ამ შენობის ადგილზე ახალი საავადმყოფო აშენდეს.

მოგვიანებით მინისტრმა იგივე უთხრა მედიას მთავრობის 15 თებერვლის სხდომის შემდეგ და თან დასძინა, რომ ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდებოდა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიც.

სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადების და შესაძლოა, სხვა დამატებითი ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩათვალა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, რომ იგეგმება შენობის დანგრევა.

რა ობიექტური აუცილებლობა შეიძლება არსებობდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დანგრევის და ვისგან შეიძლება შესაბამისი რეკომენდაცია მიეღო ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტს - ამ კითხვით BMG-მ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა, რადგან ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაერთიანდა, შემდეგ კი - რუხის საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური და ჯანდაცვის რეგიონული კლინიკები. მიზანი ამ კლინიკების ეტაპობრივი განვითარება იყო.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2013 - 2015 წლებში, აქტიურად იყო საუბარი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟზე, თუმცა არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან დადებული დასკვნა იმის თაობაზე რომ რესპუბლიკური ვერ ან არ ექვემდებარება რეაბილიტაციას.

ჩემი მინისტრობის პერიოდში მსგავსი დასკვნა არ დაუდია არცერთ საექსპერტო ორგანიზაციას, ამიტომ მე არ ვიცი, ახლა საფუძველი, თუ რატომ უნდა დაინგრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობა“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე, რომლის აზრითაც, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის აუცილებლობის შესახებ დასკვნა უნდა გაასაჯაროოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

„აუცილებელია, საჯარო იყოს დასკვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და ასევე, ვიცოდეთ, ვინ მოამზადა ეს დასკვნა“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ყოფილი მინისტრის შეფასებით, სრულად პრივატიზირებული ჰოსპიტალური სექტორის ფონზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დროებით დახურვა და დემონტაჟი არაგონივრულია.

„მსოფლიო ბანკმა 2019 წელს დადო საკმაოდ მძიმე დასკვნა საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკაზე - სრულად პრივატიზირებული ჰოსპიტალური სექტორი! ამდენად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ამ ფონზე რესპუბლიკურის დემონტაჟი არის არაგონივრული - სულ მცირე! თან თუ საუბარია იმაზე, რომ ლოკაციაც იცვლება - მაშინ ჯერ უნდა აშენდეს ახალი შენობა. ასევე, არანაკლებ საინტერესოა, თუ ლოკაცია შეიცვლება, ამ ტერიტორიაზე უფრო მნიშვნელოვანი რა პროექტის განხორციელება იგეგმება?!“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები