მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს – მინისტრის განმარტება

5e493e72d3f0e
დავით ჯალაღონია
16.02.20 17:10
2331
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს. ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

კომიტეტზე მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიმართვის საფუძველზე დაიბარეს. კომიტეტის უახლოესი სხდომა კი 17 თებერვალს არის ჩანიშნული.

როგორც საპასუხო წერილში ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, დეპუტატებისთვის საინტერესო სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში განიხილავს, რომლის წევრი დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც არის. აქვე, მინისტრი კობერიძის გარდა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წევრებსაც მოუწოდებს, გასულ წელს შექმნილი საბჭოს სხდომებს დაესწრონ.

"ბატონო დიმიტრი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსული თქვენი N913/4-13/20 24.01.2020 წერილის პასუხად, სადაც მოთხოვნილი იყო, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის სავალდებულო დასწრება, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემხვედრი გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, თქვენს მიერ უახლოეს სხდომაზე ჩანიშნული საკომიტეტო მოსმენის გადადების თაობაზე და საკომიტეტო მოსმენისათვის, გთხოვთ, საორიენტაციო პერიოდად განიხილოთ ამა წლის მარტის თვის ბოლო კვირა.

გიდასტურებთ თანამშრომლობის სურვილს და ანგარიშვალდებულებას, რომლის ფარგლებშიც, 2020 წლის 5 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში, უკვე გახლდით საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჩემს მოხსენებაში დეტალურად შევეხე ოთხ დიდ მიმართულებას, რომლებსაც მოიცავს სამინისტრო - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ კეთილდღეობას, შრომის ღირსეულ პირობებს და დევნილთა საჭიროებებს. ვისაუბრე სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც.

ასევე, პლენარულ სხდომაზე ვუპასუხე დეპუტატების შეკითხვებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, უზრუნველყოფილი იყო საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც მათი და საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პარლამენტთან თანამშრომლობა და დისკუსიის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია სისტემის ეფექტურ და მიზნობრივ მართვაზე. ეს ეხება პაციენტის უფლებების დაცვას, მკურნალობის მაღალ ხარისხს, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე, სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტას.

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წერილში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის N01-131/ნ ბრძანებით შეიქმნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანო – საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად შექმნილ საკონსულტაციო მექანიზმს. საბჭოს მუშაობის ხელშეწყობისთვის ეტაპობრივად ყალიბდება თემატური სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე შექმნილია 2 თემატური ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთავრობის N520 დადგენილების ცვლილებებზე მუშაობს. სამუშაო პროცესის დაწყებიდან დღემდე გამართულია საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს 9 სხდომა და თემატური ჯგუფების  6 შეხვედრა. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ათვისებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ არსებული დავალიანებების საკითხს, გაცნობებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები სრულად არის ათვისებული და შესაბამისი გადარიცხვები ხორციელდება ყოველთვიურ რეჟიმში, პროგრამით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

აქვე მოგახსენებთ, ასევე, ამა წლის მარტის თვის მეორე კვირაში გაიმართება საყოველთაო  ჯანდაცვის საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც N520 დადგენილების ცვლილებებთან ერთად, განხილული იქნება ჯანდაცვის სისტემის ახალი სტრატეგიის მონახაზი. ასევე, საუბარი შეეხება ევროკავშირის მიერ ჯანდაცვის პრიორიტეტულ სფეროდ დასახელების და ევროასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულებების შესრულების საკითხებს.

ასევე, ამა წლის 19 მარტს, ქ. თბილისში, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის, სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირების საკითხებს და ითვალისწინებს, როგორც მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.

ბატონო დიმიტრი, თქვენ, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს წევრს, ასევე ბატონ ლევან კობერიძეს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხვა წევრებს - ბატონ ვლადიმერ კახაძეს, ილია ნაკაშიძეს, მირიან წიკლაურს, მოგმართავთ თხოვნით, დაესწროთ ზემოაღნიშნულ შეხვედრებს და სამუშაო ფორმატში, ერთად განვიხილოთ მიმდინარე ყველა აქტუალური საკითხი და დავსახოთ გადაწყვეტის გზები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას, თანამშრომლობის სურვილს და მოგმართავთ თხოვნით, საკომიტეტო მოსმენის გადადების თაობაზე ამა წლის მარტის ბოლომდე", – ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიერ დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილობით პასუხში.