მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - საპატრიარქო

6051b9387a80d
ინგა მურუსიძე
17.03.21 12:07
1697
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისი თქმით, "ვაქცინაციის პროპაგანდა ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა".

„ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, სადაც წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფლობითი და არა - სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - წერს ჯაღმაიძე facebook-ში თავის გვერდზე.

ინფორმაციისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს და მღვდელმთავრებს ვაქცინაციის პროცესში თანადგომასა და თანამშრომლობას სთხოვს. ამის შესახებ მან NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მედიის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისი გავლენა მოსახლეობის აზრზე მნიშვნელოვანია.