გელათის რესტავრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7,5 მლნ ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 18 მარტს გამოსცა. ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა გამოყოს და ის კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს" უნდა გადაურიცხოს. თავის მხრივ, სააგენტოს დაევალა აღნიშნული თანხა საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაურიცხოს. საბიუჯეტო დაფინანსება საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებს უნდა მოახმაროს.
ცნობისთვის, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.
„მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტაძარი იყოს დაცული, მათ შორის, თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული პრობლემები შექმნილი. იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად.
მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში, ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა. მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემს.
გასული წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტაძარში არსებული მძიმე ვითარება, რაც სახურავიდან წყლის ჟონვას და წყლის მიერ ფრესკების დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოწვეული იყო მთავრობის მიერ 2015-2019 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით. მაშინ საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რის შედეგადაც სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა და დაზიანდა.