მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო საკრედიტო-საგარანტიო სქემის რედიზაინზე მუშაობს

5e43c18d2d804
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.20 13:21
1032
"ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბანკებთან იმისთვის, რომ საკრედიტო-საფინანსო-საგარანტიო სქემა მოვარგოთ იმას, რაც გვაქვს ბაზარზე, რათა გახდეს ეს პროდუქტი მოთხოვნადი და გაყიდვადი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე საუბრისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა ოფიციალურად  2019 წელს ამოქმედდა, მაგრამ ამ დრომდე მექანიზმი ფაქტობრივად, არ მუშაობს. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იყო, რომელიც არ ათვისებულა. 

მისი თქმით, ასეთი პროდუქტები ტექნიკურად ძალიან რთული სამართავია, რადგან უნდა პასუხობდეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ამიტომ ბანკების ასოციაციის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ამ სახის პროდუქტები საინტერესო იყოს ბიზნესისთვის.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მუდმივმოქმედი პროცესი, ეს არის ბაზრის განვითარება, რომელიც მუდმივად ვითარდება და აქვს ახალი გამოწვევები, ახალი მოთხოვნები, რომელსაც ცდილობს მოერგოს როგორც საბანკო სექტორი, ასევე სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ზუსტად იმ ნაწილში, რომელიც არის თავისუფალი და მოითხოვს სახელმწიფოსან ჩარევას.

რაც შეეხება კონკრეტულად საკრედიტო-საფინანსო საგარანტიო სქემას, ეს რის კომპლექსური პროდუქტი. ეს არ არის სუბსიდია, რომელიც შეგიძლია, რომ დაარიგო. ეს არის პროდუქტი, რომელიც უნდა იყიდოს ბიზნესმა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ პროდუქტის დიზაინი და შინაარსი.

ტექნიკურადაც ძალიან რთული სამართავია ასეთი პროდუქტები, ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბანკებთან, იმისთვის, რომ მოვარგოთ იმას, რაც გვაქვს ბაზარზე, რათა გახდეს ეს პროდუქტი მოთხოვნადი და გაყიდვადი. დეტალებში შესვლა რთულია, მიმდინარეობს მუშაობა ბანკებთან, მათ შორის საბანკო ასოციაციის ჩართულობით როგორც გითხარით პროგრამის რედიზაინზე და ვფიქრობთ, რომ ძალიან ცოტა ხანში შევძლებთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან მოქმედ მექანიზმებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის 10-მდე პროგრამა ხორციელდება.

ცნობისთვის, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიში" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს მართავს, რომელსაც საჯარო, საფინანსო და კერძო სექტორის წამომადგენლები ესწრებიან.