მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა?

ქუთაისის ჰაბი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დაათვალიერეს.

პრესრელიზის თანახმად, ბოლო ეტაპზეა შენობის სახურავზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია განათების ინსტალაციის მოწყობა 3D projection mapping მეთოდით, რომელთან ინტერაქციაც შესაძლებელი იქნება სპეციალურად შექმნილი software-ის მეშვეობით. ასევე დასრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება. მათი მონტაჟი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდება ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ასევე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი.

„საერთო ჯამში, ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო სერვისების, სტარტაპების და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„თითქმის დასრულებულია გარე პერიმეტრის მოწყობა, დამონტაჟებულია განათება, რომელიც შენობას კიდევ უფრო თვალწარმტაც იერს შესძენს, შიდა სარემონტო სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით, რომ ეს უნიკალური სივრცე უახლოეს მომავალში გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა GITA-ს თავმჯდომარემ.

ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზეც ისაუბრა.

“გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება. ეს იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ ინტერაქციულ-ტექნოლოგიურ მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებს, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანის მომზადებას საერთაშორისოდ აღიარებულ, პრესტიჟულ პროფესიულ მიმართულებებში. ჰაბში განთავსებული იქნება ასევე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაში.”- აღნიშნა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ.

GITA-ს ინფორმაციით, პროექტის განვითარების პროცესში, ეტაპობრივად, ხდება ჰაბისთვის განკუთვნილი ავეჯის, აუდიო-მედია ტექნიკის, სხვადასხვა ტექნოლოგიური ლაბორატორიების დანადგარებისა და მოწყობილობების, ინსტრუმენტების მოწოდება. სამრეწველო ინოვაციებისა (FabLab) და 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური რეალობის სტუდია და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის, მრავალმხრივი ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინოვაციური და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება ტექნოლოგიური პარკი, სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიური ლაბორატორიები, co-working და მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცე, რომელიც გათვლილია 400 ვიზიტორზე, ინტერაქტიულ-სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, IT და ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები და TUMO-ს კრეატიული ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს 11 მიმართულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები