27.თებერვალი .2021 15:33

ელჩი - საქართველო-უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 100%-ით აღდგება

ელჩი - საქართველო-უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 100%-ით აღდგება
views 351
უკან

2019 წელს დაწყებული პირდაპირი ავიარეისი საქართველო-უზბეკეთს შორის, რომელიც შარშან პანდემიის ფონზე შეჩერდა, უახლოეს მომავალში აღდგება. "მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ფრენის განახლება"- ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, საქართველოს ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ პირადად არის ჩართული ამ პროცესებში.

„რეისი 100%-ით ძალიან მალე აღდგება და ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ამოქმედებას ორივე ქვეყანაში, განსაკუთრებით პოსტ-კოვიდურ რეალობაში. ასევე მნიშვნელოვანია ეს ფაქტი ბიზნეს-წრეებისთვის, რადგან ამ დრომდე ძნელი იყო უზბეკეთში მოხვედრა, ახლა კი 2 საათნახევარში ადგილზე ვართ და ეს დიდი კომფორტია ადამიანებისთვის, ამიტომაც უფრო ხშირი მიმოსვლაც დაიწყო ორ ქვეყანას შორის. თავად უზბეკეთიც ეტაპობრივად იხსნება ტურისტებისთვის და სამარყანდის ან ბუხარის სანახავად სულ უფრო მეტი ქართველი ჩამოდის. ისევე როგორც უზბეკი სტუმრობს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს,“ - აღნიშნა აბდუშელიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან კეთილგანწყობილები არიან უზბეკები საქართველოს მიმართ და ინტერესსაც გამოთქვამენ საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ინვესტირების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ  საქართველო-უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წელს Uzbekistan Airways-მა დაიწყო და პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა, ხოლო თავად ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა