მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთში ექსპორტის 80%-ზე მეტი რეექსპორტზე მოდის - რას ვყიდით/ვყიდულობთ სავაჭრო პარტნიორთან?

6428516aa75c2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 20:05
1013
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. „ამ დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

BM.GE ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის ტენდენციითა და სავაჭრო საქონლით დაინტერესდა, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ უზბეკეთში. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტი პანდემიის შემდეგ ნამდვილად ზრდის დინამიკით ხასიათდება. უფრო მეტიც 2022 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა რეკორდული იყო და 160 მილიონ 111 ათასი დოლარი შეადგინა. 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით ვაჭრობა 39.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტს ვაჭრობაში 69.3% უკავია.

გასულ წელს უზბეკეთში საქონლის ექსპორტით საქართველომ 111 მილიონ 102 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 29.7%-ით აღემატება. ექსპორტის რიცხვებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულია. თუმცა ადგილობრივი წარმოების ექსპორტის წილი მცირეა (20.5 მლნ დოლარი) და მხოლოდ 18.4%-ს შეადგენს, დანარჩენი 81.6% რეექსპორტს უკავია.

საინტერესოა იმ საქონლის ჩამონათვალიც, რომელიც საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტზე რეექსქპორტით, თუ ადგილობრივი ექსპორტის სახით გადის.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 57 მლნ დოლარი, 668 ტონა;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 10.8 მლნ დოლარი, 670 ტონა;
3. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 9.8 მლნ დოლარი, 7 ტონა;
4. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 5.3 მლნ დოლარი, 23 ტონა;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 4.7 მლნ დოლარი, 7 625 ტონა;
6. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 3.1 მლნ დოლარი, 1 484 ტონა;
7. მსუბუქი ავტომობილები - 2.5 მლნ დოლარი;
8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1.5 მლნ დოლარი, 918 ტონა;
9. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები - 1.4 მლნ დოლარი, 1 713 ტონა;
10. ორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1 მლნ დოლარი, 634 ტონა;

რაც შეეხება იმპორტს, რომლის წილი სავაჭრო ბრუნვაში 30.7%-ია. გასულ წელს საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად უზბეკეთში 49 მლნ დოლარი გავიდა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 69%-ია და ბოლო ათ წელიწადში უზბეკეთიდან საქონლის იმპორტიც რეკორდულია.

რა ვიყიდეთ გასულ წელს უზბეკეთიდან - TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. მავთული სპილენძისა - 13.6 მლნ დოლარი, 1 502 ტონა;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 6.8 მლნ დოლარი, 372 ტონა;
3. პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 5.8 მლნ დოლარი, 9 761 ტონა;
4. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 4.5 მლნ დოლარი, 3 292 ტონა;
5. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 2.5 მლნ დოლარი, 6 512 ტონა;
6. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.9 მლნ დოლარი, 2 552 ტონა;
7. დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე - 1.5 მლნ დოლარი, 162 ტონა;
8. ყურძენი, ახალი ან გამხმარი - 1.4 მლნ დოლარი, 991 ტონა;
9. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.1 მლნ დოლარი, 896 ტონა;
10. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 1 მლნ დოლარი, 198 ტონა;

ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მდგენელის ტურიზმის მაჩვენებელსაც რომ შევხედოთ, 2022 წელს უზბეკეთიდან ტურისტული ვიზიტები რაოდენობა 2019 წელთან შედარებით არამხოლოდ ადგა, არამედ გადააჭარბა და პანდემიურ წელთან შედარებით აღდგენა 185.7% იყო. ჯამურად გასულ წელს საქართველოში უზბეკეთიდან 47 953 ვიზიტი განხორცილდა. 2021 წელს კი ვიზიტების რაოდენობამ 36 384 შეადგინა.

ცნობისთვის: საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები