მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უზბეკეთის პრემიერი სტუმრობს - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში?

64b4f3b824731
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.23 12:40
791
დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა, რა დროსაც საქართველოს და უზბეკეთის პრემიერების პირისპირი და გაფართოებული შეხვედრები გაიმართება. მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

ვიდრე სახელმწიფოების ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრები გაიმართება და ის საკითხები გაჟღერდება, რომლებზეც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ყურადღებას გაამახვილებენ, BM.GE საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს რიცხვებში გთავაზობთ:

ინვესტიციები

საქსტატის მონაცემების მიხედვით, უზბეკეთიდან ინვესტიციების შემოდინება უმნიშვნელო მოცულობებით 2009 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში მცირე იყო. ამ ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ფინანსური სახსრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 მლნ დოლარს არ აღემატებოდა. მაგალითისთვის გასულ - 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული უზბეკური ინვესტიციების მოცულობამ 2.7 მლნ დოლარი შეადგინა. სამწუხაროდ, იმის დაკვირვების საშუალებას თუ რომელ დარგებში ჩაიდო ეს თანხა ოფიციალური სტატისტიკა არ გვაძლევს.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-უზბეკეთის საქონლით სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს ვაჭრობის ისტორიის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 160 მილიონ 144 ათასი დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით ბრუნვა 39.7%-ით გაიზარდა.

ვაჭრობის მაჩვენებლებში მთავარი ადგილი ექსპორტს უკავია და ამ შემთხვევაში საქართველოდან უზბეკეთში გატანილი საქონლის ღირებულება რეკორდული იყო. გასულ წელს ექსპორტი 111 მილიონ 103 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 29.7%-ით აღემატებოდა.

2022 წლის მონაცემებით, უზბეკეთში მთავარი საექსპორტო საქონლის პირველ ათეულს სამკურნალო დაფასოებული საშუალებები იწყებს. TOP-10 საექსპორტო საქონელი კი ასეთი იყო:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 56.9 მლნ დოლარი;
2. სიგარეტები, სიგარილები და თამბაქოს სიგარეტები - 10.8 მლნ დოლარი;
3. ორთოპედიული სამარჯვები - 9.8 მლნ დოლარი;
4. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტი - 5.3 მლნ დოლარი;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 4.7 მლნ დოლარი;
6. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული - 3.1 მლნ დოლარი;
7. მსუბუქი ავტომობილები - 2.5 მლნ დოლარი;
8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1.7 მლნ დოლარი;
9. ეთილენის პოლიმერები, პირველადი ფორმებით - 1.5 მლნ დოლარი;
10. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები - 1.4 მლნ დოლარი;

ექსპორტი უზბეკეთის მიმართულებით მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაშიც გაიზარდა. წელს საქართველომ ცენტრალური აზიის ამ კონკრეტულ ქვეყანაში საქონლის გატანით 38.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. რაც შეეხება ამ პერიოდის TOP-5 საექსპორტო საქონელს, რომელიც უზბეკეთში გაიყიდა, რეიტინგი ასეთია:

1. სამკურნალო საშუალებები - 19.6 მლნ დოლარი;
2. მინერალური და მტკნარი წყლები - 3.4 მლნ დოლარი;
3. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.9 მლნ დოლარი;
4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2.1 მლნ დოლარი;
5. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები დაკონსერვებული - 1.2 მლნ დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი გასული 2022 წლის განმავლობაში მცირე იყო, უზბეკეთიდან საქონლის შეძენის მაჩვენებლები გასულ წელს 69.1%-ით გაიზარდა და 49 მლნ 040 ათასი დოლარი შეადგინა. სხვა მონაცემებთან ერთად იმპორტი გასულ წელს რეკორდული იყო.

უზბეკეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. მავთული სპილენძისა - 13.6 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 6.8 მლნ დოლარი;
3. პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 5.8 მლნ დოლარი;
4. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 4.5 მლნ დოლარი;
5. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 2.5 მლნ დოლარი;
6. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.9 მლნ დოლარი;
5. დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან - 1.5 მლნ დოლარი;
6. ყურძენი, ახალი ან გამხმარი - 1.4 ათასი დოლარი;
7. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.1 მლნ დოლარი;
8. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 1 მლნ დოლარი;
9. თხილი და სხვა კაკალი - 680 ათასი დოლარი;
10. ცოცხები და ჯაგრისები - 606 ათას დოლარი.

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-მაისის იმპორტის მაჩვენებელს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს უზბეკეთში საქონლის შესაძენად 21.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 31.5%-ით აღემატება.

ტურიზმი

უზბეკეთიდან საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი დადებითი დინამიკით ხასიათდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ პირველ კვარტალში საქართველოში უზბეკი ტურისტის 8 079 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 77.2%-ით, ხოლო 2022 წლის რიცხვებს 0.2%-ით აღემატება.

წლის პირველ ნახევარში კი საქართველოში უზბეკეთიდან 20 250 ვიზიტი შესრულდა. ეს რიცხვი 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 141%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის წლის პირველ ნახევარს 9.3%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები