მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი ხორვატიას სტუმრობს - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირი რიცხვებში?

64be2476da044
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.23 11:25
415
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას სტუმრობს. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ამასთან, ის ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

იქამდე, სანამ მთავრობის მეთაური ხორვატიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და მხარეთა კომუნიკაციის მთავარი საკითხები გამოიკვეთება, BM.GE გთავაზობთ საქართველო/ხორვატიის ეკონომიკურ ურთიერთობებს რიცხვებში გთავაზობთ:

სავაჭრო ურთიერთობა

საქართველო-ხორვატიას შორის საქონლით სავაჭრო ურთიერთობების მაჩვენებლები მაღალი არ არის, თუმცა გასულ 2022 წელს 49%-ით თითქმის 12 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 55.5%-ით 7.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც წლების განმავლობაში ამ პერიოდის განმავლობაში ხორვატიასთან გვქონია.

ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობაში მთავარი წილი იმპორტს უკავია. სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზე გაიზარდა საქართველო-ხორვატიას შორის ვაჭრობა. წელს საქართვლომ ევროკავშირის ამ ქვეყნიდან 7 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 51.6%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი ხორვატიიდან წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველო საკვებ პროდუქტებსა და სამოსს ყიდულობდა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 731 ათასი დოლარი;
2. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 597 ათასი დოლარი;
3. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 520 ათასი დოლარი;
4. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 374 ათასი დოლარი;
5. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 351 ათასი დოლარი;
6. პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 330 ათასი დოლარი;
7. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 284 ათასი დოლარი;
8. კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი - 279 ათასი დოლარი;
9. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 258 ათასი დოლარი;
10. საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 235 ათასი დოლარი;

გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტის მაჩვენებელი ხორვატიასთან ვაჭრობაში მინიმალურია, წლის პირველი ნახევრის მონაცემებით საქართველოდან ხორვატიაში მხოლოდ 326 ათასი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც არამხოლოდ გასული წლის იანვარ-ივნისის ექსპორტს, არამედ წლის განმავლობაში განხორციელებულ ექსპორტსაც გადააჭარბა, რაც გასულ წელს 229 ათას დოლარს შეადგენდა. ექსპორტის მაჩვენებლების შესაბამისად საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიც მცირეა. წელს პირველი 6 თვის განმავლობაში ხორვატიაში გაყიდული TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 194 ათასი დოლარი;
2. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 74 ათასი დოლარი;
3. მსუბუქი ავტომობილები - 31 ათასი დოლარი;
4. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 8 ათასი დოლარი;
5. კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 7 ათასი დოლარი.


ინვესტიციები

ვაჭრობის მსგავსად საქართველოში შემოსული პირდაპირი ხორვატიული ინვესტიციების მაჩვენებელი მცირეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ამ ქვეყნიდან ინვესტიციების შემოდინება 2018 წლიდან დაიწყო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 მლნ დოლარამდე 2018 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი ხორვატიული ინვესტიციის მოცულობამ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ჩაიდო 1 მლნ 017 ათასი დოლარი შეადგინა.


ტურიზმი

ხორვატია ევროკავშირსა და მსოფლიოში ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თუმცა თუ ხორვატიიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებლებს შევხედავთ, როგორც პანდემიამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ, რიცხვები არც ისე დიდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ხორვატიიდან სულ რაღაც 584 ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 27.4%-ით ჩამორჩება. 2019 წელს ქვეყანაში სულ 804 ტურისტული ვიზიტი შესრულდა. რაც შეეხება გასული წლის ხორვატიიდან ტურიზმის მაჩვენებელთან შედარებას, წელს ვიზიტების რაოდენობა 30.9%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები