EURO 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს - 26 ივნისს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მესამე შეხვედრა იქნება. ჯგუფში საქართველოს ამ დროისთვის ერთი წაგება თურქეთთან და ერთი ფრე ჩეხეთთან უფიქსირდება და შედეგად 1 ქულა აქვს. პორტუგალიას - 6 ქულა, თურქეთს - 3 ქულა, ხოლო ჩეხეთს 1 ქულა აქვს.
საქართველო-პორტუგალიის თამაშამდე რამდენიმე საათი რჩება. BMG ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკით დაინტერესდა. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პორტუგალიასთან ეკონომიკური ბმა სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს ვაჭრობა, ინვესტიციები თუ ტურიზმი არც ისე დიდი და შესაბამისად არც ისე მყარია.
ინვესტიციები
საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ პორტუგალიისთვის საქართველო საინვესტიციოდ განსაკუთრებული ინტერესის ადგილი, თითქმის არასდროს ყოფილა. საქართველოში პორტუგალიური ინვესტიციების შემოსვლა მცირე მოცულობებით 2007 წელს ფიქსირდება, რაც მომდევნო წლებში არ გაზრდილა და ათასობით დოლარს არ აჭარბებდა. პირენეის ნახევარკუნძულზე განლაგებული ქვეყნიდან ინვესტიციების მოცულობა, რომელიც საქართველოში ჩაიდო შედარებით 2012 წლიდან გაიზარდა, თუმცა 3 მლნ დოლარზე მეტი არასდროს ყოფილა. ყველაზე დიდი მოცულობის FDI პორტუგალიიდან 2015 წელს განხორციელდა და 2 მილიონ 635 ათასი დოლარი შეადგინა. ბოლო სამი წლის მაჩვენებელი კი ასეთია :
2021 წელი - $651 ათასი;
2022 წელი - $1.1 მლნ;
2023 წელს პორტუგალიიდან ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -920 ათასი დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-პორტუგალიის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებიც არც ისე შთამბეჭდავია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნების ექსპორტ-იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს იყო და 48 მილიონი დოლარი შეაგინა. გასულ წელს საქართველო-პორტუგალიის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელთან შედარებით [$18.5 მლნ] გაიზარდა და 25 მილიონ 268 ათასი დოლარი შეადგინა. 2024 წლის პირველი 5 თვის პერიოდში კი ბრუნვის მაჩვენებელი წლიურად თითქმის არ შეცვლილა და 10 მილიონ 108 ათას დოლარს შეადგენს.
ექსპორტს ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძალიან მცირე ადგილი უჭირავს. გასულ წელს საქართველომ პორტუგალიაში საქონლის ექსპორტით სულ ჯამში 3 მილიონ 747 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო , რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია. მცირე ექსპორტის პირობებში გასულ წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით პორტუგალიაში ხის დაფანერებული პანელები გაყიდა. 5 საქონლის ჩამონათვალი კი რომლის ექსპორტით ამ პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი მივიღეთ, ასეთია:
- ხის დაფანერებული პანელები და ანალოგიური მასალები - $2 მლნ, 1 757 ტონა;
- ცხოველური ან მცენარეული ცხიმები და ზეთები - $1.1 მლნ, 1 124 ტონა;
- რეზინის პნევმატური ახალი სალტეები და საბურავები - $135 ათასი, 29 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $94 ათასი;
- აგლომერირებული კორპი - $90 ათასი.
სავაჭრო ბრუნვაში ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს. 2023 წელს საქართველოდან პორტუგალიაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 21 მილიონ 520 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2022 წლის იმპორტს თითქმის 5 მილიონი დოლარით აღემატება.
უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:
- აგლომერირებული კორპი- $5.5 მლნ, 443 ტონა;
- ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები - $3.6 მლნ, 3 767 ტონა;
- კორპის ნატურალური ნაწარმი - $3 მლნ, 138 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.7 მლნ, 59 ტონა;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა მოწყობილობები - $617 ათასი, 53 ტონა.
ტურიზმი
ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოკეანისპირა სახელმწიფო საერთაშორისო ტურისტებისთვის სამოზგაუროდ ერთ-ერთი საინტერესო დანიშნულების ადგილია. თავად პორტუგალიიდან საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები კი არც ისე დიდია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში პორტუგალიიდან ჯამურად 3 383 ვიზიტი შესრულდა, რაც პანდემიამდე არსებულ ტურიზმის მაჩვენებელს 15.2%-ით ჩამორჩებოდა, ხოლო 2022 წლისას 49.9%-ით აღემატებოდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესებულია. იანვარ-მარტში საქართველოში პორტუგალიიდან 797 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის რიცხვებს 98.8%-ით, 2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკას კი 55.7%-ით აღემატება.