მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის პანელები, ქარის ტურბინები, ნავთობპროდუქტები... - ჩინეთთან ვაჭრობა $2.3 მილიარდამდე გაიზარდა | რის ხარჯზე?

ჩინეთი ვაჭრობა

9 თვის მონაცემებით 20.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში N2 სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. ოფიციალურ მონაცემებით მას მხოლოდ მეზობელი თურქეთი უსწრებს. შესაბამისად ჩინეთთან საქონლის ექსპორტ-იმპორტზე მთლიანი ვაჭრობის 11.3% მოდის.

მიმდინარე წელს ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად 41%-ით 2 მილიარდ 329 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთიდან უფრო მეტ საქონელს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. ჩინეთში როგორც იმპორტი ასევე ექსპორტის ზრდა რამდენიმე კონკრეტული საქონლის რეკორდული ყიდვა-გაყიდვით არის გამოწვეული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 თვის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთიდან 1 მილიარდ 746 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. წლიური ზრდა 21.8%-ია. ქვეყნის $14.4 მილიარდიან იმპორტში კი ამ უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანაზე 12.1% მოდის.

ჩინეთიდან იმპორტის ზრდა სამი ძირითადი პროდუქტის იმპორტის მატებამ განაპირობა. წელს რეკორდულად არის დაზრდილი ნახევარგამტარი ხელსაწყოების, იგივე მზის ბატარეების, ავტომობილების და მბრუნავი ელექტროგარდამქმნელების, იგივე ქარის ტურბინების შემოტანა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10 ასეთია:

  1. ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $135 მილიონი, ზრდა - 769%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $76 მილიონი, ზრდა - 76%;
  3. ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $57.3 მილიონი, 1344%-ით;
  4. მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - $45.2 მილიონი, კლება - 2%;
  5. ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან - $43.6 მილიონი, ზრდა - 3%;
  6. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $42.6 მილიონი, ზრდა - 5%;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $39.7 მილიონი, ზრდა - 5.1%;
  8. მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $36.1 მილიონი, ზრდა - 32.6%;
  9. ფრინველის, ახალი, გაცივებული ხორცი და კვების სუბპროდუქტები - $33.5 მილიონი, ზრდა - 9.2%;
  10. სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები - $27.4 მილიონი, ზრდა - 21.5%;

წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტიც. იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჩინეთში საქონლის გაყიდვით 168.7%-ით მეტი 566 მილიონ 665 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად ექსპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 9.5%-იანი წილით ყირგიზეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი და რეკორდული იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები, რამაც ექსპორტის ზრდის დადებით მაჩვენებელს შეუწყო ხელი.

TOP-10 საექსპორტო პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

  1. ძვირფასი ლითონები და მადნები - $347 მილიონი, ზრდა - 117%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $103 მილიონი. ზრდა - 47 620%;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $84.3 მილიონი, ზრდა - 628%;
  4. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი და სხვა სანელებლები - $13 მილიონი, ზრდა 19%;
  5. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $9.2 მილიონი, კლება - 43.5%;
  6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.5 მილიონი, კლება - 6.4%;
  7. სპილენძის ჯართი - $5.9 მილიონი, ზრდა - 101%;
  8. რაფინირებული და დაუმუშავებელი სპილენძის შენადნობები - $1.5 მილიონი; ზრდა - 131%;
  9. ფერმენტები და ფერმენტული პრეპარატები - $1.3 მილიონი;
  10. სპირტიანი სასმელები - $993 ათასი, კლება - 21.4%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები