მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ევროკავშირთან კი შემცირდა | ICC-ის ინდექსი

icc საერთაშორისო სავაჭრო პალატა

საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსმა (GFEDI) 2026 წლის მეორე კვარტალში 9.41 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 21.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს 5.6%-ით აღემატება. ამის შესახებ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა (ICC Georgia) და EBIT Group-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ინდექსი ხუთ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: იმპორტს, ექსპორტს, ფულად გზავნილებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს. ანგარიშის მიხედვით, მეორე კვარტალში ზრდის ძირითადი მამოძრავებელი საგარეო სავაჭრო აქტივობის მატება იყო.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტი კვარტალურად 24.9%-ით გაიზარდა და 2.15 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 15.2%-ით გაიზარდა და 4.77 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი ნაკადების მოცულობა 12.4%-ით გაიზარდა და 894.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით, წინა კვარტალთან შედარებით 36.5%-ით გაიზარდა და 1.12 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად კვარტალური ზრდისა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.2%-ით შემცირდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეორე კვარტალში 468.8 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც პირველ კვარტალთან შედარებით 72.9%-იანი ზრდაა. თუმცა 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ინვესტიციები 19.2%-ით შემცირდა.

ევროკავშირი უმსხვილეს პარტნიორად რჩება

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს საგარეო ეკონომიკურ აქტივობაში ევროკავშირი კვლავ პირველ ადგილს იკავებს. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წილმა ინდექსში დაახლოებით 17.7% შეადგინა, ხოლო ჯამურმა მაჩვენებელმა 1.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირთან დაკავშირებული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.8%-ით, ხოლო წლიურად 14.9%-ით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, კლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელია, რომელმაც 128.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე რუსეთია, რომლის წილი ინდექსში 12.6%-ს შეადგენს. რუსეთთან დაკავშირებული ჯამური მაჩვენებელი 1.18 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც კვარტალურად 16%-ით, ხოლო წლიურად 13.5%-ით მეტია. ამ მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, 249.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, და ფულადმა ნაკადებმა, რომლებმაც 128.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე თურქეთია, რომელთან დაკავშირებული მაჩვენებელიც 1.06 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და ინდექსის დაახლოებით 11% შეადგინა. თურქეთიდან იმპორტმა 732.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დადებითი გახდა და 29.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთთან საგარეო ეკონომიკურმა აქტივობამ ანგარიშის მიხედვით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1.03 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მისი წილი ინდექსში 10.9%-მდე გაიზარდა. ჩინეთთან დაკავშირებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, რომელმაც 219.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატების წილი ინდექსში 8.1% იყო, ჯამური მაჩვენებელი კი 766 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აშშ-სთან დაკავშირებული აქტივობა კვარტალურად 16.5%-ით გაიზარდა, ძირითადად იმპორტისა და ფულადი ნაკადების ხარჯზე. აშშ-დან იმპორტმა 541.2 მლნ აშშ დოლარი, ფულადმა ნაკადებმა კი 185.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რეგიონულ პარტნიორებთან აქტივობაც გაიზარდა

რეგიონულ პარტნიორებს შორის აზერბაიჯანთან დაკავშირებულმა ჯამურმა მაჩვენებელმა 381.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ინდექსის დაახლოებით 4%-ია. ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით ექსპორტი კვარტალურად 42.1%-ით გაიზარდა.

სომხეთთან დაკავშირებული მაჩვენებელი 37.4%-ით გაიზარდა და 371.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ინდექსის დაახლოებით 4%-ია. ირანთან კი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე ჯამურმა მაჩვენებელმა 159.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინდექსი მშპ-ის 89.5%-ის ეკვივალენტია

ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 89.5%-ის ეკვივალენტი იყო. პირველ კვარტალში ეს თანაფარდობა 84.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის მეორე კვარტალში 96.4% იყო.

ანგარიშის ავტორების განმარტებით, წლიურ ჭრილში თანაფარდობის შემცირება იმით აიხსნება, რომ საქართველოს ნომინალური მშპ დოლარში 13.7%-ით გაიზარდა, რაც საგარეო ეკონომიკური აქტივობის ჯამური მაჩვენებლის ზრდას აღემატებოდა.

ინდექსის ზრდა მიუთითებს, რომ მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ეკონომიკური აქტივობა წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა. ამასთან, პარტნიორი ქვეყნების მიხედვით მონაცემები აჩვენებს, რომ ცვლილებები ერთგვაროვანი არ ყოფილა: ჩინეთთან და რუსეთთან მაჩვენებლები გაიზარდა, ევროკავშირთან დაკავშირებული კი შემცირდა. ინდექსის ცალკეული კომპონენტების ცვლილებები ასევე განსხვავდება კვარტალურ და წლიურ ჭრილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები