მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავს

არქტიკის დაცვა

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთსა და ჩინეთთან დაპირისპირებასა და ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე შეუზღუდავი წვდომის მოპოვებას გეგმავს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოცემა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთმა რეგიონში მოსკოვისა და პეკინის დომინირება უნდა აღკვეთოს. დიპლომატის თქმით, ევროპული ბლოკი კანადასთან და აშშ-სთან ითანამშრომლებს, რათა აღნიშნულ სატრანზიტო დერეფანზე ამ ორი ქვეყნის სრული კონტროლი არ დაუშვას.

კალასის თქმით, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოები ეცდებიან, რომ სტრატეგიული სავაჭრო გზა ყველა ხომალდისთვის ღია დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, ვლადისლავ მასლენნიკოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიუსელი უკიდურეს ჩრდილოეთში ესკალაციასა და თანამშრომლობის პოლიტიზებას ცდილობს.

რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ევროკომისია არქტიკის ახალი სტრატეგიის წარდგენას აპირებს. კალასის თქმით, განახლებული გეგმა ახალი ყინულმჭრელების მშენებლობაში ინვესტირებასა და რეგიონში რუსეთის აქტივობის გასაკონტროლებლად სამხედრო ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 2027 წელს ბლოკი არქტიკის სადამკვირვებლო პროგრამასაც აამოქმედებს. ეს ინიციატივა ხმელეთსა და ზღვაზე საფრთხეების გამოსავლენად Copernicus-ისა და Galileo-ს სატელიტურ სისტემებს გამოიყენებს.

ამას გარდა, ბრიუსელი არქტიკის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე მოქმედ აკრძალვებსაც შეამსუბუქებს. ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ ნორვეგიის სანაპიროსთან წიაღისეულის მარაგების ათვისება ინვესტორთა ინტერესს გაზრდის და კავშირის ენერგომომარაგების პრობლემებს შეამსუბუქებს.

ცნობისთვის, ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტს რუსეთი და ჩინეთი უკვე აქტიურად იყენებენ. ეს გზა აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს სუეცის არხის ტრადიციულ მარშრუტთან შედარებით ერთი მესამედით ამცირებს და ახლო აღმოსავლეთში მზარდი არასტაბილურობის ფონზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები