საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო - კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მიმდინარე წელს მოლაპარაკებების დაწყებაზე. გენადი არველაძემ კორეის მხარესთან საუბრისას ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.
როგორია საქართველო-კორეის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობები დღეს - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება.
ინვესტიციები
მცირე ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, 1990-იან წლებში, საქართველოში ინვესტიციების შემოდინება 1997 წლიდან დაიწყო და წლიურად საშუალოდ 2000 წლამდე 5 მლნ-დან 10 მლნ-მდე დოლარი შემოდიოდა. 2003-2006 წლებში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობები შენარჩუნდა. 2015-2019 წლებისთვის კი კორეული ფინანსური ნაკადების მოცულობები ყველაზე მსხვილი იყო. აქედან 2017 წელს საქართველოში ინვესტიციების სახით 36 მილიონი დოლარი შემოვიდა.
პანდემიის შემდეგ კორეული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა: 2020 წელს - 2.4 მლნ დოლარი; 2021 წელს - 4 მლნ დოლარი; 2022 წელს კი 1.3 მლნ დოლარი.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-კორეის რესპუბლიკის სავაჭრო ბრუნვა რეკორდული 2018 წელს იყო და 118 მლნ დოლარს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ ვაჭრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 23.1%-ით 99 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
ექსპორტს ვაჭრობაში ძალიან მცირე წილი უკავია და გასულ წელს 8.9 მლნ დოლარს შეადგენს. ზრდა 2021 წელთან შედარებით მცირეა და 11%-ს შეადგენს. რაც შეეხება კორეაში რეალიზებულ საქონელს, TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3.8 მლნ დოლარი, 832 ტონა;
2. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 1 მლნ დოლარი;
3. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 1 მლნ დოლარი;
4. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 642 ათასი დოლარი;
5. პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 494 ათასი დოლარი;
6. მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო - 464 ათასი დოლარი;
7. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 187 ათასი დოლარი;
8. ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი - 162 ათასი დოლარი;
9. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 81 ათასი დოლარი;
10. ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის - 68 ათასი დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ქვეყნიდან კორეაში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 89.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის იმპორტს 24.5%-ით აღემატება.
საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 22.5 მლნ დოლარი;
2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 18.5 მლნ დოლარი;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 14.2 მლნ დოლარი;
4. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 6.2 მლნ დოლარი;
5. კოსმეტიკური საშუალებები - 3.4 მლნ დოლარი;
6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.7 მლნ დოლარი;
7. ეთილენის პოლიმერები - 1.9 მლნ დოლარი;
8. დიაგნოსტიკური რეაგენტები - 1.4 მლნ დოლარი;
9. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 1.2 მლნ დოლარი;
10. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1.1 მლნ დოლარი;
ტურიზმი
კორეის რესპუბლიკის რეზიდენტებისთვის საქართველო არც ისეთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა. 2019 წელს ქვეყანაში წლიურად კორეელი ვიზიტორების მხრიდან მხოლოდ 16 642 ვიზიტი შესრულდა. 2022 წელს კი პანდემიამდელი ტურიზმის მაჩვენებელი 30.7%-ით აღდგა და ვიზიტების რაოდენობამ 5 112 შეადგინა.