მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს საქართველოში უამრავი ფული ჩამოაქვთ

5da9fa7546314
BM.GE
18.10.19 22:15
6511
თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს საქართველოში უამრავი ფული ჩამოაქვთ, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა სეზონურად თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს დაახლოებით, 27 000 გრძელვადიანი სამუშაო ვიზა გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე. თუმცა, მისივე თქმით, თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი რეგისტრირებული არაა.

„შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე ყოველწლიურად, რომელიც მხოლოდ ჩაის პლანტაციებიდან გადის საქართველოს მოქალაქეებზე. ეს არ არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა არსებობს ეს მოსაზრება. ყველაფერი არ არის რეგისტრირებული, ვინაიდან მუშები არ არიან რეგისტრირებულები. ეს მნიშვნელოვანი დეტალებია, რომლის რეგულირებასაც ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ მეზობლები ვართ, ხალხი იცნობს ერთმანეთს, არის მუშაობის ერთნაირი კულტურა, ეს არის რეალობა. ჩვენ კი, როგორც მთავრობა ვცდილობთ უფრო სტრუქტურირებული სახე მივცე ამ ყველაფერს.

ჩვენი მონაცემებით, გასულ წელს დაახლოებით, 27 000 გრძელვადიანი სამუშაო ვიზა გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე. თუმცა, თურქეთში დასაქმებულების რიცხვი გაცილებით მეტია, ვინაიდან მე ვიცი, რომ ადამიანები მიდიან 3 თვით, მუშაობენ, შემდეგ უკან ბრუნდებიან და სამი თვის შემდეგ ისევ სამუშაოდ მიდიან. ეს არის არარეგისტრირებული მუშაობა“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მისივე თქმით, თურქეთში სეზონური მუშაობისთვის საჭიროა ვიზის მიღება და თურქეთის მთავრობა ისურვებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე მიდიან, ჰქონდეთ მუშაობის ნებართვა, ვინაიდან ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ სოციალური უსაფრთხოება.

„თუ ისინი ვიზას არ მოითხოვენ, მაშინ ისინი არიან არალეგალები და თურქეთში ყოფნისას, თუ მაგალითად რამე მოხდა მუშაობისას, როდესაც საავადმყოფოში მივლენ, მათ მოუწევთ თანხის გადახდა ან შეიძლება მათმა დამსაქმებელმა გადაიხადოს, მაგრამ მათ არ ექნებათ სოციალური უსაფრთხოება. ეს არის უფლება და ეს არის მოვალეობაც. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ბუკლეტები საელჩოში, ბათუმის საკონსულოში, ინტერნეტში. თუ რაიმე კითხვა აქვთ, ჩვენ ღია ვართ ვუპასუხოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს და ბავშვებს. არასრულწლოვანთა შრომა თურქეთში არალეგალურია. ამიტომაც ჩვენი სურვილია, დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფები“, - აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-ისთან საუბარში.

ამასთან, ელჩის შეფასებით, საქართველოდან თურქეთში წასული დასაქმების მსურველები იაფ მუშა ხელს არ წარმოადგენენ.

„10-15 წლის წინ ქართველი მუშა ხელი თურქეთისთვის უფრო ეკონომიური იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ახლა როდესაც ვნახულობ ხელფასებს, მოლოდინებს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა უმჯობესდება, მსყიდველობის უნარი იზრდება და როგორია ახალგაზრდა მუშა ხელის მოლოდინები ცხოვრებაზე, ცხოვრების დონეზე, ქართული მუშა ხელი აღარ არის იაფი მუშა ხელი თურქეთისთვის. საქართველოდან ჩასულები ყველაზე ახლო, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ცნობილი მუშა ხელია თურქეთისთვის. სეზონურად ძირითადად მუშაობენ ჩაისა და თხილის პლანტაციებში. თავად თურქი დამსაქმებლები აღმოსავლეთ რეგიონში, მაგალითად რიზეში, ორდუში, ტრაბზონში, იმის ნაცვლად რომ მაგალითად, მუშა ხელი ჩაიყვანონ სტამბულიდან, ან რომელიმე სხვა რეგიონიდან, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ქართველ მუშა ხელს, ვინაიდან საქართველო უფრო ახლოა მათთან. ვფიქრობ, ეს კულტურული განსაზღვრებიდანაც გამომდინარეობს, ერთმანეთს კარგად იცნობენ, ოჯახები იცნობენ ერთმანეთს", - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.