მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვის სამიზნე მაჩვენებელი $5 მილიარდია, რაც მიღწევადია" - თურქეთის ელჩი

თურქეთის ელჩი

დღეს, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის მოუსმინეს. ელჩმა „საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და თურქეთის საგარეო პოლიტიკის“თემებზე ისაუბრა.

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მდგრადი პარტნიორები. თუ საგარეო ვაჭრობას გავითვალისწინებთ, ქვეყნებს შორის ეს რიცხვი $3 მილიარდზე მეტია, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი $5 მილიარდია, რაც, რა თქმა უნდა, მიღწევადია", - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ალი ქაან ორბაიმ საქართველოში არსებულ თურქულ კომპანიებსა და მოქალაქეებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირს კიდევ უფრო აღრმავებს.

"საქართველოში 10,000-მდე თურქული კომპანიაა დარეგისტრირებული, აქედან 2,419 აქტიურია, ამასთან, თურქეთში გვყავს ძალიან ბევრი ქართველი მოქალაქე, გვყავს ქართველი თანამშრომლები პოლიციაში, სამხედრო აკადემიაში და ბევრ სხვა სფეროში. განათლების კუთხით, ჩვენ ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მინიმუმ 30 ქართველი სტუდენტისთვის. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს", - დასძინა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხდომაზე თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას.

"ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და წარსული, სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ ვიზიარებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს და რეგიონალურად ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს. სხვა ქვეყნების ინტერესები, ურთიერთობებიდან გამომდინარე, შეიძლება იცვლებოდეს და მერყეობდეს, თუმცა ჩვენ ყოველთვის მეზობლებად დავრჩებით და საქართველოს გულშემატკივრები ვიქნებით", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები