მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უცვლელია - თურქეთის ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთზე

12

საქართველოში თურქეთის ელჩმა მუსტაფა თიურქერ არიმ "აფხაზეთის იზოლაციის დასრულების ინიციატივასთან" დაკავშირებულ ბოლო მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ უცვლელია.

სააგენტო Anadolu-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში ელჩმა, მათ შორის, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

"საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და ისტორიული მეგობარია. ჩვენი ქვეყანა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივად უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია უცვლელია. თურქეთი, რომელიც 1999 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებსაც მასპინძლობდა, ყოველთვის ემხრობოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას", - განაცხადა ელჩმა.

17 ნოემბერს სტამბოლში ჩრდილოეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც თურქეთის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტები სამგზავრო დოკუმენტებად მიიღონ და თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა აღადგინონ.

განცხადებას 24 ორგანიზაცია აწერდა ხელს. მათ შორის იყვნენ ჩეჩნური, ინგუშური, ჩერქეზული, ოსური, ყარაჩაული და აფხაზური ორგანიზაციები. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის გარდა, კავკასიის სხვა ხალხების, პირველ რიგში კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის იზოლაციისა და სატრანსპორტო პრობლემებიც დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

ინიციატივის ფარგლებში 17 ნოემბერს თურქეთის პარლამენტში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მონაწილეობით "აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფიც" დაფუძნდა. ჯგუფის წევრები აფხაზური პასპორტების აღიარებისა და თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მოთხოვნებს უჭერენ მხარს.

აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს თურქეთში მოქმედმა ქართულმა ორგანიზაციებმაც გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს "აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის" შექმნისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობების გამო. მათ თურქეთს მოუწოდეს, შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკური კურსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები