მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტროენერგია არ გვაქვს, გზები ჩაკეტილია, წყალიც გრაფიკით მოგვეწოდება“ - სასტუმრო რაჭაში

63f744badd4d1
თინათინ ნატმელაძე
23.02.23 14:23
717
„რაჭას სამომავლოდ ზამთრის კურორტად მოიაზრებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს“, - აცხადებს BM.GE-თან სასტუმრო „გარემოს“ დამფუძნებელი თამარ დავითულიანი და ამავდროულად იმ პრობლემების შესახებ გვიყვება, რომელიც რაჭის მოსახლეობასა და ტურისტულ სექტორს დიდთოვლობამ შეუქმნა.

მისივე ცნობით, ბოლო სამი დღეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია არ აქვთ, ჩაკეტილია რაჭაში მისასვლელი ორივე გზა და ამავდროულად მოსახლეობას წყალიც გრაფიკით მიეწოდება.

„იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ტურისტული ობიექტებია განთავსებული, ანუ ქალაქ ამბროლაურის მეზობელ სოფლებში - სადმელსა და კრიხში, სამი დღეა ელექტროენერგია არ არის. ამბობენ, რომ დაზიანებაა, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოაგვარეს. თვითონ ქალაქში უფრო მარტივად გვარდება პრობლემა, მაგრამ სოფლებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

ნაქერალას უღელტეხილი და შქმერის გზა, ანუ რაჭაში ჩამოსასვლელი გზები, ასევე ჩაკეტილია, ჩვენს სასტუმროს ეს დღეები სრულად დაჯავშნილი ჰქონდა, მაგრამ ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს, გზაც რომ იყოს ელექტროენერგიის გარეშე, სასტუმროს ფუნქციონირება შეუძლებელია.

რამდენიმე დღეა წყალიც გრაფიკით მოგვეწოდება, რის მიზეზადაც იმას ასახელებენ, რომ იანვარი სრულად უნალექო იყო რაჭაში, რის გამოც აუზები დაშრა და ამ აუზების ავსების მიზნით კონკრეტულ უბნებს წყალმომარაგებას უზღუდავენ", - განაცხადა თამარ დავითულიანმა.

კითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ზამთრის სეზონზე რაჭის ტურისტული სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა მსგავსი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდეს, სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, რომ საჭირო სიმძლავრისა და რაოდენობის ტექნიკა მობილიზებული წინასწარ უნდა იყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 25 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მისასვლელი გზის გარეშე კი 18 სოფელია დარჩენილი.