მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა - სასტუმრო "ბუდე"

63f72177c9819
თინათინ ნატმელაძე
23.02.23 15:50
8170
დიდთოვლობის გამო გასული ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია მესტიის არცერთ ნაწილს არ მიეწოდებოდა.

რა გამოწვევების წინაშე დააყენა აღნიშნულმა პრობლემამ ტურისტული სექტორი, - ამის შესახებ სასტუმრო „ბუდე მესტიას“ დამფუძნებელმა თათია თეთრაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს პირობებში სასტუმროს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა.

„ძალიან შეგვიშალა ხელი უშუქობამ, შეუძლებელია ამ დროს მუშაობა, ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა, რაც ამ დღეებში გვქონდა, წარმოუდგენელია თან ტყე და თან ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა.

ჩვენ გვაქვს გენერატორი, მაგრამ ეს არის იმ შემთხვევებისთვის, როცა შუქი რამდენიმე საათით ითიშება, ორი დღის განმავლობაში მისი გაუჩერებლად მუშაობა არ გამოდის, თან მაშინ, როცა გათბობაც ამაზეა მიბმული.

ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვართ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი არანაირი სამუშაოები არ ტარდება, არც კი განიხილავენ სერიოზულად ამ საკითხს - მხოლოდ დროებით, ერთი-ორი დღით მოაგვარებენ და მერე ისევ იგივე ხდება, ჩვენ კიდევ სულ დაძაბული ვართ.“ - განაცხადა თათია თეთრაშვილმა.

მისივე ცნობით, ამ პრობლემიდან მთავარი გამოსავალი მესტიის გაზიფიცირებაა, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს, თუმცა თეთრაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე არც კი საუბრობს.

სასტუმროს წარმომადგენელი მეორე მნიშვნელოვან პრობლემად გზების გაწმენდის საკითხს ასახელებს და ამბობს, რომ ამან ტურისტების, ადგილობრივი მოსახლეობისა და დისტრიბუტორების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

„გზების გაწმენდაც გვიან დაიწყეს, ცენტრალური გზები კიდევ შედარებით გაიწმინდა, მაგრამ სოფლის გზები საერთოდ მიუხედავია, ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი მესტიის ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობს და ამის გამო სამსახურში ვერ ცხადდებიან.

ვერ მოდიან დისტრიბუტორებიც, შეგვიჩერდა პროდუქტის მოწოდება და რა თქმა უნდა, ეს დიდი დაბრკოლებაა ტურისტებისთვისაც.

მსგავსი თოვლი მესტიისთვის უცხო არ უნდა იყოს, ამაზე დიდი თოვლიც ყოფილა და ზოგადად, მთიანი რეგიონია, რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ ასეთი ამინდი იქნებოდა, მაგრამ წინასწარ ამ საკითხზე არავის უზრუნია", - ამბობს „ბუდე მესტიას“ დამფუძნებელი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების მდგომარეობამ სვანეთის ტურისტული სექტორი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ზამთრის სეზონზე დიდი მოლოდინები არ უნდა დაამყარონ და ძირითადი აქტივობები ზაფხულისკენ მიმართონ, როცა ინფრასტრუქტურაზე ამდენად დამოკიდებულები არ არიან.

BM.GE აღნიშნული საკითხის განსახილველად მესტიის მერიას დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი ვერ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები