მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეწყვეტილი ელექტროენერგია, გასაწმენდი გზები - მესტიის სასტუმროები დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე

63f7191214e0d
თინათინ ნატმელაძე
23.02.23 11:59
1056
„თოვლის მოსვლიდან მეორე დღეს ჩვენთან მომავალი ორი ტურისტი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მანქანით არ იყვნენ, გზაში ჩარჩნენ. მოგვიწია, რომ ჩავსულიყავით და ჩვენი ძალებით ამოგვეყვანა“, - ამის შესახებ „ჩათინი მესტიის“ დამფუძნებელმა თათია ჯაფარიძემ BM.GE-ს განუცხადა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ გადაადგილება ისევ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.

დიდთოვლობისას გაუწმინდავი გზა მესტიის ერთადერთი პრობლემა არაა, ტურისტული სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიაა, რომელიც გასული ორი დღის განმავლობაში მესტიის არცერთ ნაწილს არ მიეწოდებოდა.

„ჩათინი მესტიას“ წარმომადგენელი გვიყვება, რომ ამ ორი დღის მანძილზე სასტუმროს სრულად გენერატორის ხარჯზე მუშაობა მოუწიათ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ გვქონდა, გუშინ ღამით აღდგა მომარაგება. ამჟამად სასტუმროში საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავს და მათი კომფორტის შენარჩუნება გენერატორების მუშაობის ხარჯზე მოგვიწია, რაც უდიდეს ფინანსურ ზიანთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა სტუმარი გყავს, იძულებული ხარ, რომ სრულყოფილი სერვისის მიწოდებაზე მაშინაც კი იზრუნო, როცა გარშემო ყველაფერი ჩაბნელებულია“, - განაცხადა თათია ჯაფარიძემ.

სასტუმროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ელექტრომომარაგება აღდგა, დაზღვეული არაფრისგან არიან.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე დეტალების გასარკვევად მესტიის მერიას დაუკავშირდა, თუმცა პრობლემებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები