მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესტიაში ელექტროენერგიის წყვეტის პრობლემა ისევ მოუგვარებელია" - სასტუმრო "ფალიანი"

მესტია

მესტიაში ელექტროენერგიის პრობლემა ისევ მწვავედ დგას. სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებლის თქმით, მოსახლეობა მთავრობის მხრიდან დაპირებულ გაუმჯობესებას ჯერ ვერ გრძნობს. მაღალმთიან კურორტზე ზამთრის აქტიურ ტურისტულ სეზონზე ელექტრომომარაგების წყვეტაზე "საქმის კურსთან" სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელმა ეკატერინე გველესიანმა ისაუბრა.

„მესტიაში ტრადიციული ზამთარია - ანუ ისევ უშუქოდ. თოვლის მოსვლისთანავე წყვეტები დაიწყო და საკმაოდ ხანგრძლივად არ მოგვეწოდება შუქი. ელექტროენერგიის პრობლემა ისევ მოუგვარებელია და წინა წლებთან შედარებით, არაფერი გაუმჯობესებულა. როგორც ხდება ხოლმე, ზაფხულიდან იწყება დაპირებები, რომ ეს ზამთარი უპრობლემოდ ჩაივლის, რომ მიმდინარეობს შეკეთებები და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი... ამჯერად გაზრდილ მოხმარებას აბრალებენ. თუმცა ემთხვევა ხოლმე თოვლის მოსვლას ეს პრობლემები, რაც იმას ადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურა შესაცვლელია“, - აცხადებს გველესიანი.

მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო დისკომფორტის გარდა, ელექტროენერგიის პრობლემა ტურიზმს აზარალებს და ყოფილა შემთხვევები, როცა კურორტზე ჩასულ მოგზაურს უშუქობის საბაბით ჯავშანი დაუხურავს:

„ეს ტურიზმში ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. ზამთარში უფრო ბოლო წუთს კეთდება ხოლმე ჯავშნები და როგორც კი გამოჩნდება, რომ ელექტროენერგია ისევ პრობლემაა, აღარც შემოდის, ან უკვე შემოსული ჯავშნებიც უქმდება. ზამთრისგან, ტრადიციულად, პესიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, მართლდება ხოლმე. ამ სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა მაღალ ნიშნულს ვერასდროს აღწევს და ზამთრის სათხილამურო კურორტზე, სასტუმროებსა და გათბობასაც რომ თავი დავანებოთ, როცა შუქი არაა, საბაგიროებიც არ მუშაობს. ამიტომ აქ ჩამოსული მოგზაურები ზოგჯერ რამდენიმე დღეში ტოვებენ აქაურობას. ერთი დღე შუქი არაა, მეორე დღეს - იგივე, მესამე დღეს დაუხურავთ ქუდი და წასულან. ზამთარში მესტიის დაჯავშნას ტურისტული კომპანიებიც ერიდებიან“, - წუხს სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები