საერთაშორისო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა და მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, რუსეთთან, სომხეთსა თუ თურქეთთან - სწორი შესყიდვების განხორციელება იმდენად სპეციფიკური პროცესია, რომ ამ მიმართულებით, შესაძლოა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე პროფესიონალებით დაკომპლექტებული ცალკე დეპარტამენტის შექმნა გახდეს საჭირო - ასე ეხმიანება მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის იმპორტიდან შუამავალი კომპანიების გამოთიშვის შესახებ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს."ძალიან მნიშვნელოვანია რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება იმპორტი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი მარგებაძე განმარტავს, რომ უცხოურ ბაზრებზე სახელმწიფოს ხშირად უწევს ურთიერთობა არა უშუალოდ უცხოურ სახელმწიფო უწყებებთან, არამედ კერძო ტრეიდერებთან, რაც ბაზრის ღრმა ცოდნას, ზუსტ ფინანსურ გათვლებსა და მაღალი დონის მოლაპარაკებებს მოითხოვს. მისივე ანალიზით, თუ სახელმწიფო ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს და პროცესიდან შუამავალ კომპანიებს ჩამოაცილებს, ეს პირდაპირ აისახება შესყიდული ელექტროენერგიის ფასზე. შუამავლის მარჟის ამოღებით შემცირდება შესყიდვის თვითღირებულება, რაც, თავის მხრივ, ესკო-ს საერთო კალათის ტარიფს გააიაფებს.
გიორგი მარგებაძეს მიაჩნია, რომ გამოთავისუფლებული რესურსი შიდა გენერაციის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.
“დღესდღეობით ადგილობრივი დეველოპერები სავალალო მდგომარეობაში არიან, რადგან გაძვირებული მშენებლობისა და რესურსების ფონზე, პირველი და მეორე აუქციონით დადგენილი ტარიფები აღარ არის საკმარისი სადგურების მშენებლობის დასაწყებად და ექსპლუატაციაში მისაღებად. შესაბამისად, შუამავლების ჩამოცილებით გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა ტარიფების გადახედვისკენ, ახალი აუქციონების მოწყობისა და დეველოპერების დახმარებისკენ აბსოლუტურად ლოგიკური და მისასალმებელი ნაბიჯი იქნება, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას მოემსახურება”, - უთხრა გიორგი მარგებაძემ “ანალიტიკა”-ს.
























